აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ქართულ სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში უჩივის - ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ 2017 წელს საქართველოს ტერიტორიიდან მისი გატაცება და შემდგომ აზერბაიჯანში დაპატიმრება ქართული სპეცსამსახურების დახმარებით განხორციელდა.
მუხთარლი სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელის შესახებ Facebook-ზე წერს, სარჩელი ხელისუფლების მხრიდან მისი საქართველოში დაბრუნების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნებიჯებს ეხება. მუხთარლი აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან მისი გატაცების ფაქტზე დამოუკიდებელი გამოძიებისთვის ხელის შეშლას საქართველოს მთავრობა მისი ჩამოსვლის თავიდან არიდებით ცდილობს, რაც, მუხთარლის მტკიცებით, ადასტურებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება თავად იყო მის გატაცებაში მონაწილე მხარე.
"ერთი წელია პატიმრობიდან თავისუფალი ვარ და ამ დროს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ხერხით ცდილობენ საქართველოში ჩემი ჩამოსვლისთვის ხელის შეშლას.
წინა შემთხვევისას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ჩემი ჩამოსვლა პოლიტიკური დაპირისპირების ხელშეწყობას უკავშირდებოდა. სრული აბსურდია" - წერს მუხთარლი.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობის მიზნით გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებას 2020 წლის 9 ოქტომბერს ცდილობდა, თუმცა აეროპორტსა და ქართულ საკონსულოში მას განუცხადეს, რომ საბუთების წესრიგში არქონის გამო საზღვრის გადაკვეთის უფლებას ვერ მისცემდნენ.
"რატომ გადაწყდა მისი ჩამოსვლა წინასაარჩევნოდ, კითხვებს აჩენს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მუხთარლის ვიზიტის ჩაშლასთან დაკავშირებით და საზღვრისკვეთასთან დაკავშირებული გართულებები პანდემიის შედეგად გამკაცრებულ უსაფრთხოების წესებს დაუკავშირა.
მუხთარლი კი აცხადებს, რომ ქართული მხარის მხრიდან მისი გატაცების საქმის გამოძიების გაჭიანურება და მისი ჩამოსვლისთვის ხელის შეშლა მის გატაცებაში ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. იგი საქართველოში აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული პოზიციის გამო განხორციელებულ დევნას გაურბოდა. აზერბაიჯანში დაპატიმრების შემდეგ მუხთარლის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ.
საქართველოს პროკურატურა მუხთარლის გატაცების საქმეს 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) ფორმალურად დღემდე იძიებს.