logo
ENG



პროკურატურას შეეძლება, TV პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალები იძულების წესითაც ამოიღოს

11 მარ 202111:21
3 წუთის საკითხავი
 

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და TV პირველიდან მასალების  ამოღების ნებართვა მისცა. "წინააღმდეგობის შემთხვევაში" განჩინება მათ ამოღებისას "იძულების პროპორციული ზომის" გამოყენების ნებართვას აძლევს. როგორც ტელეკომპანიაში ამბობენ, პროკურატურას არა ჩანაწერები, არამედ კონვერტი და ელექტონული მატარებელი აინტერესებს.

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის მიერ გაცემულ განჩინებაში ვკითხულობთ:

"ამოღებულ იქნას 2021 წლის, 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათის რეპორტაჟში მითითებული, კონფიდენციალური წყაროს მიერ TV პირველისთვის გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. 2021 წლის, 6 მარტს, გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათის რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ TV პირველისთვის გადაცემული (გაგზავნილი) კონვერტი (ან სხვაგვარი შეფუთვა), რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

განჩინება ძალადაკარგულია, თუ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაიწყება 30 დღის ვადაში. 

საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა". 

ადვოკატ კახა წერეთლის ცნობით, პროკურატურა ითხოვს არა უშუალოდ ინფორმაციას, არამედ, ელექტრონულ მატარებელსა და კონვერტს, ან სხვაგვარ მასალას. 

"მოთხოვნილია ინფორმაციის მატარებლის, ელექტრონული მატარებლების ამოღება და კონვერტის, ან სხვაგვარი შეფუთვის, რომლითაც მატარებელი იქნა შემოსული კომპანიაში.

არ არის მითითებული თავად ინფორმაცია, ანუ ამოღების ობიექტი არ არის ინფორმაცია, შესაბამისად, კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას, ამ განჩინების საფუძველზე გასცეს უშუალოდ ინფორმაცია. თუ იქნება მიღებული მსგავსი განჩინება, სადაც მითითებული იქნება პირდაპირ ეს ინფორმაცია, კომპანია ამას შეასრულებს". 

ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ პროკურატურის მიზანია არა ფაქტების მოკვლევა, არამედ გავიდნენ წყაროზე. იგი აცხადებს, რომ ჟურნალისტები დაიცავენ წყაროს. 

"მოსამართლის განჩინებითა და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ, მათი მიზანია, როგორმე, პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ წყარო. როგორც პირდაპირ არ ვუთხრათ დაკითხვის დროს ინფორმაცია, ასევე არ მივანიშნოთ, წყაროსთან დაკავშირებით", - აცხადებს მელაძე. 

საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ შემდეგნაირად არეგულირებს პროფესიული საიდუმლოებისა და წყაროს დაცვას: 

"1. პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება".

ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად:

"ჟურნალისტი არ შეიძლება, იყოს მოწმე მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით".

***

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

პროკურატურამ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.


close დახურვა