logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: ტოტი, რომელზეც ვსხედვართ

17 მარ 202120:51
3 წუთის საკითხავი
clock 2449
2021/03/17/xdvtmhx67q5dmn3.jpg

ივანიშვილმა ევროკავშირს მორიგი სილა გააწნა... მისმა წარგზავნილმა დახურულ კარს მიღმა კონსტრუქციულობასა და დათმობის მზაობაზე ისაუბრა, დასკვნით პრესკონფერენციაზე კი რიგგარეშე არჩევნები კატეგორიულად გამორიცხა, რითაც წითელი ხაზები ამჯერად უკვე ბრიუსელს გაუვლო: მოლაპარაკების გადამწყვეტ ფაზაში პრეზიდენტ მიშელსა და სპეციალურ წარმომადგენელს, დენიელსონს მანევრის საშუალება შეუზღუდა, კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ბორელი კი, რომელსაც თანამდებობრივად სულ სხვა ფუნქციები აქვს, აიძულა მშვიდობის მტრედის როლი ეთამაშა.

გაერთიანებული ევროპის რეაქციამ არ დააყოვნა. პრეზიდენტი მიშელი პრესკონფერენციის შემდეგ საგანგებოდ შეხვდა ღარიბაშვილს. ღარიბაშვილისთვის ყურის აწევას, ბრიუსელმა პირველი სადამსჯელო ნაბიჯიც მყისიერად მოაყოლა, საქართველოსთვის განკუთვნილი 75 მილიონი ევრო თაროზე შემოდო, დახმარების მიღების პირობად კი პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა და მართლმსაჯულების რეფორმა დასახელდა. 

იმისთვის, რომ განცხადებები სწორად შევაფასოთ და ბრიუსელის შემდგომი ნაბიჯები განვსაზღვროთ, აუცილებელია დიდი სურათი ნათლად დავინახოთ და  გავაანალიზოთ, თუ რა ამოძრავებს  ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით. ევროპის დედაქალაში აშკარად გრძნობენ, რომ თუ საქართველომ ფუნდამენტური რეფორმები არ გაატარა მართლმსაჯულებისა და საარჩევნო საკითხებში, რისი საბოლოო შედეგიც ძალაუფლების დემონოპოლიზაცია უნდა იყოს, მსგავსი კრიზისები რეგულარულად მოხდება, საქართველო კი მუდმივად კატასტროფის ზღვარზე იქნება, რაც მათთვის რეგიონის მთავარი დასაყრდენი სახელმწიფოს პერმანენტულ არასტაბილურობას ნიშნავს.

თუმცა დღეს ყველაზე მეტად ბრიუსელს საქართველოში ერთპარტიული პარლამენტი და ოპოზიციის ლიდერის ციხეში ყოფნა აწუხებს, რაც, თუ ასე გაგრძელდა, მიზეზების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს იმდენად დააზიანებს, რომ ევროკავშირისთვის ჩვენთან პარტნიორობასა და მეგობრობას შეუძლებელს გახდის. საქართველოს რუსული გავლენის სფეროში საბოლოოდ დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხი გახდება, ევროპა კი ჯერ რეგიონში მთავარი დასაყრდენს, შემდეგ კი მთლიანად რეგიონს დაკარგავს.

ამას ემატება პროცესში პრეზიდენტ მიშელის პირადი ჩართულობა, რაც თავისი არსით უპრეცენდენტოა და ევროკავშირის მედიატორის ოფიციალურ როლთან ერთად ბრიუსელს სერიოზულ პასუხისმგებლობას აკისრებს. კრიზისის მოგვარება მისი ღირსების საკითხი ხდება. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი სიხისტე კი, ბორელის შემთხვევაში მოსკოვის თავხედობის მსგავსად, პირადად მისი და გაერთიანებული ევროპის უპატივცემულობად შეიძლება აღიქვან. ამიტომაც მოსალოდნელია, რომ თუ ივანიშვილი დათმობაზე არ წავა, სადამსჯელო ოპერაცია ოცნების ხელისუფლების მიმართ გაგრძელდეს და 75 მილიონიან შესაძლო სეკვესტრს სხვა უფრო მტკივნეული ზომებიც დაემატოს.

ბრიუსელის პირველადი ამოცანა მელიას ციხიდან გამოშვება და ერთპარტიული პარლამენტის სტატუს-კვოს დასრულება იქნება, რითაც ევროკავშირი მოკლევადიან პრობლემას მყისიერად წყვეტს, რასაც ყოვლისმომცველი მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმები უნდა მოყვეს. რადგან ევროკავშირის პრიორიტეტი მრავალპარტიული პარლამენტი და არა რიგგარეშე არჩევნებია, რომელიც მხოლოდ ერთ-ერთი გზაა ამ ამოცანის მისაღწევად,  ხელისუფლება კი რიგგარეშე არჩევნებს ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება, მოსალოდნელია, რომ დენიელსონი პირველ ეტაპზე შეეცადოს მაქსიმალური ზეწოლით მელიას და რურუას გამოშვების სანაცვლოდ, ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ უბიძგოს, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმების შემდგომი გარანტიით. მისი პრეზიდენტთან გახშირებული ვიზიტებიც, რომელსაც პატიმრების შეწყალება შეუძლია, სწორედ ამის მანიშნებელია. მეორეს მხრივ,  თუ ოპოზიცია კონსტრუქციულობასთან ერთად  რიგგარეშე არჩევნებთან თუ პლებისციტთან მიმართებით პრინციპულობას ბოლომდე შეინარჩუნებს, ევროკავშირისთვის სტრატეგიული ამოცანის მისაღწევად ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები გახდება, რის შედეგადაც უკვე ოცნების ხელისუფლებაზე გაიზრდება წნეხი.

ცხადია, დენიელსონი საქართველოში უვადოდ ვერ დარჩება და ვერც ბრიუსელი აიტანს დიდხანს ასოცირების ხელშეკრულებით ევროკავშირთან დაკავშირებულ საქართველოში ერთპარტიულ პარლამენტსა და ციხეში გამომწყვდეულ ოპოზიციის ლიდერს. ვითარების გაჭიანურების შემთხვევაში, გაერთიანებულ ევროპას საქართველოსთან პარტნიორობის სერიოზულად გადახედვა მოუწევს, რაც ბრიუსელისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის კოლაფსს ნიშნავს. ამიტომ ევროკავშირი მის ხელში არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ უკვე ხელისუფლებაზე ზეწოლით შეცვალოს სტატუს-კვო, რასაც ოცნების მმართველობა დიდხანს ვერ გაუძლებს და ადრე თუ გვიან, დათმობა მოუწევს. უბრალოდ საკითხავი ის  იქნება, თუ როდის მოხდება ეს და რამდენ ასეულ მილიონ ევროს დაკარგავს საქართველო.

პარალელურად ტოტი, რომელზეც ვსხედვართ და დიდი მონდომებით ვხერხავთ, ნელნელა თხელდება. ქვევით ნარიშკინი და მისი უფროსი გველოდება. დღეს გაზპრომმა სოკართან 3 კვირიან კონტრაქტს მოაწერა ხელი სომხეთისთვის, რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით ბუნებრივი აირის მისაწოდებლად, ,,დროებით,“ როგორც მოსკოვში განმარტავენ, სანამ ჩრდილო-სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გეგმიური სარემონტო სამუშაოები დამთავრდება. დროებითო.. როგორც ჩანს, ნარიშკინის ღია წერილი საკმარისად შთამბეჭდავი არ ღმოჩნდა და მოსკოვმა გადაწყვიტა ადრესატისთვის კიდევ უფრო გასაგებ ენაზე გამოეგზავნა გზავნილი.. მოკლედ, კავკასიური ცარცის წრის დრამა გრძელდება და მალე გავიგებთ, სინამდვილეში ვის უფრო უყვარს თავისი ქვეყანა და ვინ არის მზად საღი აზრის ფარგლებში დათმოს, თუნდაც ეს დათმობა უსამართლოდ მიაჩნდეს.


close დახურვა