logo
ENG



ომბუდსმენი მთავრობას: მოხსენით ნოვრუზის დღესასწაულზე კომენდანტი შობის მსგავსად

20 მარ 202112:05
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს, ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით 21 მარტს გააუქმოს გადაადგილების შეზღუდვა, რათა ეთნიკურ უმცირესობებს ჰქონდეთ მისი ტრადიციული ფორმით აღნიშვნის შესაძლებლობა.

ნინო ლომჯარიას აპარატი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი პრაქტიკა ქვეყანაში უკვე გვაქვს - გადაადგილების შეზღუდვა ერთი დღით მოხსნილი იყო 2020 წლის 6 იანვრის ღამეს, საშობაო ლიტურგიის დროს. ასევე, კომენდანტის ერთი ღამით შემსუბუქება იგეგმება 28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის დროს.

„სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ეთანხმება დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებიც მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული და აღიარებს მის მიზანს - ადამიანების ვირუსის გავრცელებისგან დაცვას. მაგრამ ამავე დროს, მხედველობაშია მისაღები, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის ნოვრუზის დღესასწაულის ტრადიციული ფორმით აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

საყურადღებოა, რომ საქართველოში უკვე გვაქვს საყოველთაო დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით  შეზღუდვების დროებით მოხსნის პრაქტიკა (შობის დღესასწაული 2021 წლის 7 იანვარს), რასაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება არ მოჰყოლია. ასევე, დაგეგმილია გარკვეული შეღავათები 28 მარტის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით. 

სახალხო დამცველი  და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს და დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის თხოვნას, რათა ეთნიკური უმცირესობებს გაუმტკიცდეთ განცდა, რომ სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობას, მათი ეროვნული და რელიგიური თავისუფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით", - ვკითხულობთ მიმართვაში.

საქართველოს მთავრობას აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა 18 მარტს ოფიციალური წერილით მიმართეს. ხელისუფლებამ განცხადება ჯერ რელიგიის საქმეთა სააგენტოს გადასცა განსახილველად, ბოლოს კი უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე. 


close დახურვა