შაბათის ფორმულას ინფორმაციით, მარნეულის საკრებულოს ყოფილი წევრი და მერიის მოქმედი თანამშრომელი კვების ობიექტის მზარეულს სიცოცხლის მოსპობით, ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა.
შაბათის ფორმულასთან საუბარში მზარეული თამაზ ჯინჭარაძე იხსენებს, რომ 12 მარტს ყოფილი დეპუტატისგან ტელეფონით ჯერ შეკვეთა, შემდეგ კი მისგან უცენზურო სიტყვები მიიღო. რას მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება, მზარეული არ აკონკრეტებს . თუმცა, ამბობს რომ საუბრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში ირაკლი ბურნაძე საშაურმეში იარაღით მოუვარდა და დაემუქრა.
ჯინჭარაძის თქმით, ყოფილი დეპუტატი ე.წ. სტარტოვკით დაემუქრა. შაურმის მზარეულმა პოლიციაში იჩივლა, თუმცა, მოგვიანებით საჩივარი გამოიტანა.
შაბათის ფორმულამ ბრალდების ადრესატს მუნიციპალიტეტის ორგანული ნარჩენების მართვის საწარმოში მიაკითხა. ყოფილი დეპუტატი ამჟამად იმ საწარმოს დირექტორია, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 80 ათასი ლარით ფინანსდება. მომხდარს ბურნაძე უარყოფს.