logo
ENG



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე თანამდებობას ტოვებს

23 მარ 202109:13
3 წუთის საკითხავი
clock 5245

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე თანამდებობას ტოვებს.

ის გადადგომის მიზეზად "მედიაში გასულ სიუჟეტებს" ასახელებს და ამბობს, რომ ამაზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს.

"მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი.

ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე. სისტემაში მუშაობენ გმირები, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მინდა წარმატება ვუსურვო მათ სამშობლოს სამსახურში", - წერს ის.

შაბათსა და კვირას TV პირველისა და მთავარი არხის ეთერში ორი სიუჟეტი გავიდა, რომლებშიც კახა საბანაძე ფიგურირებს.

მთავარი არხის სიუჟეტის მიხედვით, სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ახლა სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის ბრალდებითაა დაკავებული, 2019 წლის 24 ნოემბერს ჩაწერილ ინტერვიუში ყვება, რომ დავალებებს მხოლოდ საბანაძისგან იღებდა. ივანე გულაშვილის თანახმად, 20 ივნისის ღამეს მან საბანაძის დავალებით, სხვებთან ერთად, პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრის კამერების ჩანაწერები წაშალა. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამის შემდეგ პარლამენტის წინ დამონტაჟებული მონიტორი, ასევე საბანაძის დავალებით, დააზიანა. 

გულაშვილის თანახმად, საბანაძემდე მისი უფროსი კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ შარაძე იყო. მისივე თქმით, სწორედ შარაძის დავალებით სწავლობდა სამი წელი "ატმიჩკებს" - ნებისმიერ სახლში სუფთად შეღწევასა და გამოსვლას.

ის აქვე ამბობს, რომ არ იცოდნენ, ვის სახლში ამონტაჟებდნენ სათვალთვალო და მოსასმენ აპარატურას, თუმცა 2014 წელს, როცა მორიგ დავალებას ასრულებდა, სურათები დაინახა და ანა დოლიძე იცნო. გულაშვილის თქმით, ის აპარატურის მოხსნაზეც იყო და ადასტურებს, რომ "დოლიძის პირადი ცხოვრების კადრები იყო გადაღებული". ანა დოლიძე ამბობს, რომ ბინა, რომელსაც გულაშვილი აღწერს, ნამდვილად მას ეკუთვნის. დოლიძემ პროკურატურას უკანონო თვალთვალის გამოძიების მოთხოვნით მიმართა. 

გულაშვილის თქმით, მან სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის ვაგიფ ასკეროვის ლეპტოპში ვირუსი შეიყვანა, რათა მისთვის ეთვალთვალათ. 2016 წელს ასკეროვმა თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად სუს-ის მაღალჩინოსნების მიერ მასზე განხორციელებული ზეწოლა დაასახელა. ასკეროვის თქმით, ის სუს-ში დაიბარეს და პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრნენ.

გულაშვილი ასევე ყვება, რომ ბრძანების შესაბამისად, ნიკა რურუას მანქანაზე ჯიპიესი დაამონტაჟა. ის იხსენებს, რომ ზაფხულის პერიოდში რურუას უთვალთვალებდნენ. 

TV პირველის ეთერში კი ფარული ჩანაწერები გავიდა, რომელშიც, მათივე მტკიცებით, საბანაძე ფიგურირებს. ტელევიზია ამბობს, რომ საბანაძე 20 ივნისის ღამის სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა და ბრძანებებს იძლეოდა. მათი თქმით, საბანაძემ გასცა ბრძანება, რომ აქციის მონაწილეების "გახმოვანების სისტემა" დაეზიანებინათ, რათა ოპოზიციონერებს აქციაზე მისული ხალხისთვის ხმა ვერ მიეწვდინათ. 


close დახურვა