logo
ENG

ხვიჩია ბარიერის დაწევაზე: პარლამენტში არ შევდივართ, შევალთ მხოლოდ 14 დეპუტატთან ერთად

25 მარ 202115:21
3 წუთის საკითხავი
clock 1053
2021/03/25/4xmrehnj9zve2jr.png

გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ფორმულასთან საუბარში ქართული ოცნების წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გირჩი პარლამენტში შესვლას არ აპირებს. პაპუაშვილის თქმით, მმართველი გუნდსა და გირჩს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მათ "ისღა დარჩენიათ პარლამენტში შევიდნენ". 

ხვიჩიას თქმით, ის, რომ პარლამენტში საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილება დაინიცირდა, არ ნიშნავს, რომ გირჩი პარლამენტში შევა. 

"მე ვერ გეტყვით, რომ ამ ცვლილებების ინიცირების გამო გირჩი პარლამენტში შევა და სხვას მოუწოდებს - აბა, ხალხო, მოდით, 17 კაცი მოვგროვდეთო. პარლამენტში შესვლას რომ ვაპირებდეთ, უკვე იქ ვიქნებოდით. სულ ვნებათაღელვაა შევდივართ თუ არა პარლამენტში და არასდროს გამართლდა ეს, არასდროს გვითქვამს, რომ პარლამენტში შევდიოდით. ჩვენ გვინდოდა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ან მასთან მიახლოებული ბარიერით, ამის გამო შევუერთდით ოპოზიციურ ბოიკოტს, ამაზე აზრი არ შეგვიცვლია. 14 დეპუტატთან ერთად შევალთ პარლამენტში, შეიძლება, ამ საკითხს ასეც შევხედოთ", - აცხადებს ხვიჩია.

კონსტიტუციური პროექტით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს. 

გარდა საარჩევნო ბარიერისა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, 4 დეპუტატს ფრაქციის შექმნა შეეძლება.

საკონსტიტუციო ცვლილებები ქართულ ოცნებასა და მოქალაქეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მომზადდა. მემორანდუმი 2 მარტს გაფორმდა. მოქალაქეების წევრები, ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი პარლამენტში, როგორც თავად თქვეს, იმ პირობით შევიდნენ, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა მოხდებოდა. 

ცვლილებებს სჭირდება პარლამენტის 113 წევრის ხმა. დღევანდელი მდგომარეობით პარლამენტში 96 დეპუტატი იმყოფება. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს საჭიროა პარლამენტს გარეთ მყოფი სულ მცირე 17 დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში შესვლა. გირჩის პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად საკანონმდებლო ორგანოში კიდევ 14 დეპუტატის შესვლა გახდება საჭირო.

close დახურვა