არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს მედიაციის პროცესთან დაკავშირებით მიმართავენ და სთავაზობენ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ხედვას, რომელიც შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ 6-პუნქტიან დოკუმენტს ეყრდნობა.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მათი წინადადებები გადაჭრის არსებულ კრიზისს მოკლევადიან პერსპექტივაში და ასევე სამომავლოდ გააჯანსაღებს, კონსენსუსზე ორიენტირებულს გახდის პოლიტიკურ სისტემას.
არასამთავრობო სექტორის შეთავაზებები შემდეგია:
- როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ბუნებრივთან მიახლოებულ ბარიერთან. საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ მან უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების სამართლიანი მონაწილეობა და ჩართულობა, ასევე საზოგადოების მაღალი ნდობა;
- პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნის, ისევე როგორ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტში წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში საჭირო უნდა იყოს ე.წ. ორმაგი 2/3 (ერთდროულად მოსამართლე წევრთა 2/3 და არამოსამართლე წევრთა 2/3), თავის მხრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტში ორმხრივი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდაჭერით უნდა დაინიშნონ (ე.წ. ბილატერალური მხარდაჭერა);
- ბილატერალური მხარდაჭერითვე უნდა დაინიშნონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, გენერალური აუდიტორი და გენერალური პროკურორი. ეს თანამდებობის პირები, ისევე როგორც მოსამართლეები, უნდა დაექვემდებარონ განახლებული პროცედურით გადანიშვნის წესს 2021 წლის განმავლობაში;
- უმრავლესობამ უნდა გამონახოს სამართლებრივი გზები ოპოზიციისთვის პრინციპული მნიშვნელობის მქონე სისხლისსამართლებრივი საქმეების ფიგურანტი პირების სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გასათავისუფლებლად და მათი საქმეების დროებით შესაჩერებლად. საბოლოო გადაწყვეტილება მათზე ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად რეფორმირებულმა მართლმსაჯულების სისტემამ უნდა მიიღოს;
- პარლამენტის სპიკერატში ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბარი რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი; პირველი ვიცე სპიკერი უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარეთა თანამდებობები, მათ შორის წამყვანი კომიტეტების, ოპოზიციასა და უმრავლესობას იმ პროპორციით გადაუნაწილდეს, როგორიც მათი საპარლამენტო წარმომადგენლობაა;
- საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ხელისუფლების მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულებების აღების შემდეგ, ოპოზიციამ უნდა აითვისოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული მანდატები, ჩაერთოს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში და მონაწილეობა მიიღოს ზემოაღნიშნული რეფორმების როგორც შემუშავებაში, ისე იმპლემენტაციაში.
NGO-ები მიუთითებენ, რომ ეს ნაბიჯები უნდა გახდეს საქართველოს საერთაშორისო მისწრაფებების ხორცშესხმის აუცილებელი წინაპირობა და ისინი უნდა გადაიდგას 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე. გვჯერა, რომ ხელისუფლების განაწილება, მმართველობის დაბალანსებული სისტემა და დემოკრატიული რეფორმები არის ყველაფრის საპირწონე და ქვეყნისთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების ერთადერთი გზა.
"ამ რეფორმებზე მუშაობის პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, დაექვემდებაროს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ზედამხედველობას. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი, ურთიერთანამშრომლობაზე დაფუძნებული მოდელი მოგვცემს შესაძლებლობას, პირველადი, თუმცა მყარი საფუძველი, შევქმნათ დემოკრატიული, ადამიანის ღირსებაზე, თავისუფლებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. მზად ვართ, მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ ამ პროცესში, მათ შორის მხარეებთან რეფორმების კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით კონსულტაციების კუთხით.
ამგვარად, მხარეებს მოგიწოდებთ, რომ გამოიყენოთ მედიაციის მეორე რაუნდით მონიჭებული შესაძლებლობა და ზემოაღნიშნული პუნქტების გათვალისწინებით მიაღწიოთ შეთანხმებას, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ რიტმს, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციიდან, თუმცა ერთობლივად იმუშავებთ, საერთო მიზნის, ქვეყნის განვითარებისთვის". - წერია განცხადებაში.
მიმართვის ავტორები არიან:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia)
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- ლიბერალური აკადემია თბილისი.
მიმართვა ღიაა ნებისმიერი ორგანიზაციისა და ფიზიკური პირისთვის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის გასაგრძელებლად თბილისში დღეს, 27 მარტს ჩამოვა. მოლაპარაკებები 29 მარტიდან განახლდება.
მედიაციის პირველი მცდელობა, რამდენიმედღიანი შეხვედრების შემდეგ, 19 მარტს უშედეგოდ დასრულდა.