სტრატეგია აღმაშენებელი, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას არ შეუერთდა, აცხადებს, რომ მსგავსი ტექსტის გამოქვეყნება ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების განახლებამდე "ტაქტიკური შეცდომაა", თუმცა დასძენს, რომ ტექსტის სულისკვეთებას ეთანხმება.
პარტიის შეფასებით, ტექსტი, რომელშიც ყველა საკვანძო საკითხის შესახებ ოპოზიციის ერთიანი ხედვები და პოზიციებია განმარტებული, "ძალიან ჰგავს მოლაპარაკების წინ ერთგვარი გამყოფი ხაზების გავლებას, რაც ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას".
პარტია აცხადებს, რომ მათთვის მნიშნველოვანია შეთანხმება მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ შედგეს და არა რომელიმე პარტიის.
იხილეთ პარტიის განცხადება სრულად:
"სტრატეგია აღმაშენებელი ეთანხმება მოლაპარაკებაში ჩართული სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოქვეყნებული წერილის სულისკვეთებას მაგრამ შექმნილ ვითარებაში, როცა პირადად ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მიმდინარეობს მედიაცია და ჩართულია მედიატორი, რომელიც უახლოეს ხანში ჩამოდის ქვეყანაში, ამ მოლაპარაკების წინ მსგავსი შინაარსის წერილი და განცხადებები მიგვაჩნია ტაქტიკურ შეცდომად, რადგან ძალიან ჰგავს მოლაპარაკების წინ ერთგვარი გამყოფი ხაზების გავლებას, რაც ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას.
მეგობრებო, კომპრომისი და შეთანხმება სჭირდება არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ხელისუფლებას, ან ოპოზიციას, არამედ - საქართველოს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. შესაბამისად ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები ერთმანეთისკენ და არა ხისტი და გამყოფი პოზიციებით ახალ-ახალი ბარიერები დავუწესოთ ერთმანეთს.
შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და მას უნდა ესმოდეს რომ მოლაპარაკების პროცესს არ წაადგება ექვსპუნქტიანი შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული საკითხების ერთი, რომელიმე პარტიის ან ჯგუფის მიერ საკუთარ ინტერესებზე მორგების მცდელობა.
ჩვენთვის "სტრატეგია აღმაშენებლისთვის" მნიშვნელოვანია არა ის, რა უფრო სასარგებლოა ოპოზიციის ან ხელისუფლებისთვის არამედ ის, თუ რა გამოიყვანს საქართველოს შექმნილი კრიზისიდან და როგორ მოიგებს ამ ყველაფრით ქვეყანა, რომ ყველა ერთად, რაც შეიძლება მალე გადავერთოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ".