logo
ENG



ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნები არ იქნება, პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ არსებობენ

29 მარ 202113:02
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება და ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილმა თქვა, რომ დიალოგს აგრძელებენ და ქართული ოცნება მზად არის, "გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული", ახლა ჯერი კი ოპოზიციაზეა.

"ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, ამაზე საუბარი დავასრულეთ ჩვენ. ამაზე ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის, ოდირის, ეუთოს დასკვნები, მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები და მოგვილოცა, რა არჩევნებზე მელაპარაკებით?! 

რაც შეეხება ჩვენს დიალოგს, ჩვენი დიალოგი გრძელდება და მე დიდი იმედი მაქვს და მინდა, კიდევ ერთხელ დავიტოვო ეს პოზიტიური, ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ეს შეთანხმება შედგება და ჩვენი მხრიდან არ ჰქონია და არც ექნება რაიმე დესტრუქციას ადგილი, პირიქით, ჩვენ ამის მომსწრენი გავხდით ოპოზიციის მხრიდან, როცა მათ ჩაშალეს დიალოგი და არ წამოვიდნენ დიალოგზე. ჩვენ ვართ მზად, რომ რეალურად გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა სააკაშვილის დროს", - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ევროპელ დიპლომატ კრისტიან დანიელსონს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ღარიბაშვილმა "კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, გააგრძელონ კონსტრუქციული დიალოგი.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება. ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს", - თქვა ღარიბაშვილმა დანიელსონთა შეხვედრის შემდეგ.

შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მან ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრები დღეიდან დაიწყო. 

დანიელსონის თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. 

ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა. 

ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს. 

  • რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში, ნახეთ აქ

ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ. 


close დახურვა