logo
ENG



აჭარა ჯგუფი: სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, სტატუსის გადამოწმების გარეშე

01 აპრ 202102:59
3 წუთის საკითხავი
 

აჭარა ჯგუფი ვლადიმირ პოზნერის ვიზიტსა და განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ იზიარებს პროტესტის სულისკვეთებას, თუმცა, ამასთან, საქმიანობის გათვალისწინებით, სტუმრის და თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მათი ერთ-ერთი ვალდებულებაა. 

"ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას და წუხილს გამოვთქვამთ შექმნილი ვითარების გამო.

ჩვენი საქმიანობის გათვალისწინებით, სტუმრისა და თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას. სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე და არანაირ პრივილეგიას, მით უმეტეს კანონსაწინააღმდეგოს, არ ანიჭებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვან და უპირობო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ვგმობთ ქვეყნის ოკუპაციას". - წერია განცხადებაში. 

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დღეს, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. 

თუმცა, ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. 

აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. 

მოგვიანებით ფორმულას დაუდასტურეს, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი და მასთან ერთად მყოფი 50-მდე ადამიანი საქართველოს ჩარტერული რეისით, დილის 06:00 საათზე დატოვებს. 

რია ნოვოსტის მიხედვით, პოზნერმა დაადასტურა, რომ საქართველოდან შესაძლოა დაამგზავრებას გეგმილზე ადრე წავიდეს - ის ქვეყნიდან გამგზავრებას 3 აპრილს აპირებდა. 

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 


close დახურვა