საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზის მხარდამჭერი და ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს პასუხობს. ის სირცხვილს უწოდებს მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ პავილიონისმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით იგივე განცხადება გააკეთა, რაც რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ პოზნერმა. პავილიონისი ტვიტერზე წერს, რომ ის მუდმივად იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
"სირცხვილია. რუსეთ-საქართველოს ომის დროს მე ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პასუხისმგებელი საქართველოს დახმარებაზე, რომ ამ შემაშფოთებელ აგრესიას გამკლავებოდა. ამ რთულ პერიოდში და მას შემდეგ ყოველდღე, მე ვიბრძვი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მთელ რეგიონში",- წერს პავილიონისი.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის და ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ჩამოსვლის საკითხს ათანაბრებს და აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, პავილიონისმა რამდენიმე კვირის წინ იგივე თქვა, რაც ვლადიმირ პოზნერმა. ამით მდინარაძე პავილიონისის 21 თებერვლის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პავილიონისმა მთავრობას მიმართა და თქვა:
"თქვენ უკვე კარგავთ ტერიტორიებს, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით და ერთად არ იმუშავებთ, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ".
ცნობისთვის, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი აირზენას ჩარტერული რეისით, შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა.
იგი, მის დელეგაციასთან ერთად სასტუმრო რუმსში მივიდა, შემდეგ კი კომენდანტის საათის დროს, 21 საათის შემდეგ, რეგულაციების დარღვევით, რესტორან ვინოტელში ავტობუსით გადავიდა. ისინი თბილისში პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებდნენ.
ქართველი აქტივისტები ვლადიმირ პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ, როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. ისინი პოლიციას მოუწოდებდნენ, რომ აღეკვეთათ დანაშაული - კერძოდ, 50 კაცის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა და აკრძალვის მიუხედავად, ღამის საათებში რესტორანში ვახშმობა.
ვინოტელთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "ოკუპანტ ღორებს" არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას.
პარალელურად, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია, აშშ-ს მოქალაქეა და არაერთხელ ყოფილა საქართველოში.
სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს და სასტუმრო რუმსში დაბრუნდნენ, სადაც აქციამაც გადაინაცვლა.
აქტივისტებმა სასტუმრო რუმსის ფანჯრებს კვერცხები დაუშინეს და მოითხოვეს, რუსულ დელეგაციას დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საქართველო.
პოზნერმა და მისმა მეგობრებმა სასტუმრო გამთენიისას, 6 საათზე დატოვეს და აირზენას ჩარტერული რეისით თბილისიდან უკვე რუსეთში გაბრუნდნენ.
სასტუმროს კარიდან ავტობუსის შესასვლელამდე ისინი პოლიციის კორდონითა და აქტივისტების შეძახილების ფონზე შევიდნენ.
შრომის ინსპექციის ცნობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის, ვინოტელი 10 000 ლარით დააჯარიმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვლადიმირ პოზნერი და 31 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო 2000-2000 ლარით დააჯარიმეს, დანარჩენ 9 პირს კი იზოლაციისა და კარანტინის წესი არ დაურღვევია. უწყებას დაჯარიმებული პირების ვინაობა არ გაუსაჯაროვებია.
ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".