logo
ENG



დოროყაშვილი: სამწუხაროდ, ყველა მტკიცებულება ბასილაშვილის ბრალეულობას ადასტურებს

03 აპრ 202120:49
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოს 37-ე ჩოგანი, დოჰას ტურნირის გამარჯვებული ნიკოლოზ ბასილაშვილი რამდენიმე თვის წინ ყოფილმა ცოლმა ძალადობაში დაადანაშაულა.

ნეკა დოროყაშვილი შაბათის ფორმულასთან ყვება, რომ ყოფილი ქმრისგან ძალადობას წლების განმავლობაში განიცდიდა. 

მისი თქმით, ბასილაშვილის მხრიდან იყო ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

ქალი ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, მან პოლიციას დახმარება მხოლოდ ქმართან გაშორების შემდეგ სთხოვა, რადგან მისივე მტკიცებით განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ ჩოგბურთელმა მასზე კვლავ იძალადა.  

"ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი ჩვენი თანაცხოვრების დროსაც. ჩვენი გაშორების შემდეგაც იყო ძალადობა - 2020 წლის 21 მაისს". - ამბობს დოროყაშვილი ფორმუალსთან

მისი თქმით, ხელთ აქვთ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც ბასილაშვილის დანაშაულს დაამტკიცებს. 

"ზოგადად, მტკიცებულებები, რაც არის საქმეში, როგორც ვიდეო ჩანაწერები, ასევე ვოისები - ანუ ვიდეო/აუდიო ჩანაწერები, სმს შეტყობინებები, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნა - ეს არ იყო მსუბუქი დაზიანება, საკმაოდ რთული დაზიანება და დიდი სისხლნაჟონი იყო. უამრავი მტკიცებულებაა და ყველა ადასტურებს მის ბრალეულობას, სამწუხაროდ". - ამბობს ის. 

ნეკა დოროყაშვილმა და ნიკა ბასილაშვილმა 2013 წელს იქორწინეს. 

დოროყაშვილი ამბობს, რომ როგორც ბასილაშვილის, ისე ოჯახის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ მას არ გაეგრძელებინა სწავლა და მუშაობა. 

"იყო მოთხოვნა, რომ უნდა დამენებებინა თავი სამსახურისთვის და კარიერისთვის, არ ჩამებარებინა მაგისტრატურაზე, სწავლა არ უნდა გამეგრძელებინა. ყველაფერს დავანებე თავი. ჩემი ცხოვრება დავკარგე და გადავერთე მის კარიერაზე". - ამბობს ქალი. 

პოლიციამ ნიკა ბასილაშვილი 2020 წლის 21 მაისს დააკავა და შემაკავებელი ორდერიც გასცა. ანალოგიური ორდერი გამოწერეს ბასილაშვილის მამის მიმართაც, რადგან დაკავებული ამტკიცებდა, რომ მათ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

მთლიანობაში, პოლიციას ბასილაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერი 6-ჯერ აქვს გაცემული.  

მსოფლიოს 37-ე ჩოგანი თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის 24 მაისს 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ბასილაშვილს აკრძალული აქვს მსხვერპლთან და შვილთან მიახლოება. ეს შეზღუდვა განაჩენის გამოცხადებამდე მოქმედებს. 


close დახურვა