logo
ENG



ომბუდსმენი შსს-ს: არ გამოიყენოთ ძალა ნამახვანის აქციის მონაწილეების წინააღმდეგ

04 აპრ 202113:03
3 წუთის საკითხავი
clock 966

სახალხო დამცველი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, არ შეუშალოს ხელი შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციური უფლების გამოყენებას. 

პოლიციამ 3 აპრილს, რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის ტერიტორიაზე, სადაც მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, მოსახლეობას მისასვლელი ორივე მხრიდან ჩაუკეტა, დაახშო ინტერენტის სიგნალები, აქტივისტები კი კარვებამდე არ მიუშვა და მოგვიანებით კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდებით 2000-2000 ლარით დააჯარიმა.

ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ შსს-ს გაუვრცელებია დასაბუთებული ინფორმაცია იმ რეალური და მყისიერი საფრთხეების შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ხდებოდა უფლებაში ჩარევა.

"ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როდესაც წინასწარ გაცხადებული იყო მშვიდობიანი შეკრების ჩატარების შესახებ და მისი მონაწილეები არ აჟღერებდნენ ძალადობრივ ზრახვებს. ასევე შეკრების თავისუფლებაში ჩარევად უნდა შეფასდეს ამ პირების დაჯარიმება, რომელთა შეკრების და ადგილზე დარჩენის მიზანს აქციასთან შეერთება წარმოადგენდა და მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ მოახერხეს სასურველ ტერიტორიაზე შესვლა.

აღნიშნული ქმნის ეჭვებს პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვის მოქალაქეთა პროტესტის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესახებ, რაც მიუღებელი პრაქტიკაა". - წერს ლომჯარია. 

მისივე განცხადებით, სიგნალის ჩამხშობი აპარატის გამოყენება გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების ხელშემშლელი ფაქტორი გახდა, შესაბამისად, ამ გზით მოხდა კონტიტუციურ უფლებებში ჩარევა.

ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი დღესაც  დააკვირდება დაანონსებული აქციის მიმდინარეობას. აპარატი აგრძელებს საკითხის შესწავლას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს: 

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს: თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან, უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამახვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს სიგნალის ჩამხშობი აპარატურა ან სხვა საშუალებები, რაც ხელს შეუშლის მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე მოვლენების თაობაზე, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები აწარმოოს აქციების მონაწილეებთან და არ გამოიყენოს ძალა მათ წინააღმდეგ.
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, კონსესუსის მიღწევამდე წარმართონ საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან.
  • საქართველოს მთავრობას: კონსესუსის მიღწევამდე უზრუნველყოს მიმდინარე სამშენებლო/მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება. 

close დახურვა