ბათუმში, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან აქტივისტების მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით", - ამბობენ უწყებაში.
3 აპრილს, გვიან ღამით სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას ბათუმის ოფისში სამართალდამცველები შეიჭრნენ და რამდენიმე ადამიანი დააკავეს. აქტივისტები ამბობენ, რომ პოლიციელებმა ისინი სცემეს და ძალის გამოყენებით დააკავეს. მოძრაობის წევრები კომენდანტის საათის დაუმორჩილებლობის აქციას მართავდნენ.