ჟურნალისტი, ქუთაისი თუდეის რედაქტორი, ბუბა ჩივაძე, რომელიც ქუთაისის მერიის შენობიდან პოლიციამ იძულებით გაიყვანა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ბუბა ჩივაძე აცხადებს, რომ პოლიციამ მისი დაკავება ვერ შეძლო, რადგან ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა.
ჟურნალისტის თქმით, მას ხელზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა მიაყენა.
„ამ დრომდე ხელზე აღმენიშნება დაზიანება, რომელიც დაცვის სამსახურის მიერ იყო მოყენებული. სამი გადასხმა გამიკეთეს, ვიყავი უგონო მდგომარეობაში“, - განაცხადა ბუბა ჩივაძემ.
ქუთაისის მერიის შენობიდან ჟურნალისტი, ქუთაისი თუდეის რედაქტორი, ბუბა ჩივაძე, პოლიციამ იძულებით გაიყვანა. ჩივაძე ამბობს, რომ ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა ჟურნალისტებს მერიის შენობაში შესვლა და გადაადგილება აუკრძალა. მას სწორედ ამის შესახებ სურდა კითხვების დასმა- რის საფუძველზე უკრძალავს მერი შენობაში შესვლას მედიის წარმომადგენლებს. ჩივაძე, დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხახალეიშვილის კაბინეტში შევიდა და თქვა, რომ მერს აქ დაელოდებოდა. მალევე პოლიციამ ის ჯერ მერის კაბინეტიდან გაიყვანა, შემდეგ კი შენობიდანაც.