logo

მეგი ბაქრაძის საქმეზე 2 ექიმს და 1 ექთანს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ბრალი წარუდგინეს

07 აპრ 202120:41
3 წუთის საკითხავი
clock 4710
2021/04/07/ujfgk45132q7v9d.png

პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე 2 ექიმს და 1 ექთანს ბრალი გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის წარუდგინა. 

ბრალი წარუდგინეს „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს.  

27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 18 მარტს გაუარესდა, მას შემდეგ, რაც ის ახალციხის იმედის კლინიკაში ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა. ექთანი თბილისში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია სიკვდილის გამომწვევი მიზეზი. 

პროკურატურა აცხადებს, რომ მომხდარის გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით 19 მარტს დაიწყო. 

უწყება მიუთითებს, რომ 18 მარტს ხალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“ მ.ბ.-ს ჩაუტარდა „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 

პროკურატურის მტკიცებით, კლინიკის ორმა ექიმმა და ერთმა ექთანმა მეგი ბაქრაძეს სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს, შემდეგ კი გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს. 

კერძოდ, პროკურატურა წერს: 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ ბ.ლ., ვ.ი. და თ.გ, რომლებიც გამოკითხვის დაწყებამდე გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულ იქნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან,  გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

კერძოდ, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ  ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა.

ბ.ლ-ს, თ.გ-ს და ვ.ი-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის  ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ. ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.

ერთ-ერთი ბრალდებული ექიმი ვიოლეტა ინასარიძეა, რომელზეც პროკურატურა ამბობს, რომ მაშინ, როცა მეგი ბაქრაძეს შეტევა დაწყო, ადგილზე არ იმყოფებოდა. თავად ინასარიძე კი ამტკიცებდა, რომ მეგი ბაქრაძეს "ადრენალინი წამებში გაუკეთა". 

"20-25 წუთში შეუძლოდ გახდა - ზოგადი სისუსტე და ქავილი, თითქოს, მექავებაო. მაშინვე, იქვე მაქვს [ადრენალინი], რა. ალიან შიში გვაქვს და გვეშინია ამ ახალი ვაქცინის. მაშინვე - აი, ამას ვადასტურებ - მაშინვე გამზადებული შპრიცი ბარძაყზე გაკეთდა. მაშინვე. ადრენალინი. მითხრა, თუ არა, რამდენიმე წამებში. მე პირადად გავუკეთე". - თქვა ვიოლეტა ინასარიძემ 20 მარტს. 

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ მიმართავს. 

მეგი ბაქრაძის სიკვდილის მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა და გამოკვლევები გრძელდება. 

close დახურვა