logo
ENG



უგულავა მელიას საქმის პროკურორს: იდიოტი ხომ არ ხარ, შვილო?

08 აპრ 202111:26
3 წუთის საკითხავი
 
უგულავა მელიას საქმის პროკურორს: იდიოტი ხომ არ ხარ, შვილო?
ვახო ქარელი/ფორმულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, პროკურატურა ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ნიკა მელიას გირაოს გადახდის შემთხვევაში საპატიმროს დატოვება შეუძლია.

როგორც უგულავამ ფორმულას განუცხადა, პროკურატურას საზოგადოება შეცდომაში შეყავს. 

მისივე თქმით, მელიას გირაოს გადახდის შემთხვევაში საპატიმროს დატოვება მაინც არ შეუძლია.

"ამ პროკურორ ბულბულაშვილს მინდა ვუთხრა, იდიოტი ხომ არ ხარ, შვილო? როგორ შეიძლება ასეთი ტყუილები საზოგადოებას უთხრა? რანაირად უნდა გადაიხადოს, გირაო ხომ გაუქმებულია? იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმაც იცის, რომ საპატიმრო გირაო ვერ გამოიყენება აქ. დააყენოს პროკურატურამ მაშინ გირაო და თუ სასამართლო დაამტკიცებს უნდა გამოვიდეს და მერე იმ ვადაში გადაიხდის, ეს ხომ იცის ამ ბულბულაშვილმა აფერისტმა, ან იმ შარიკოვმა არ იცის პროკურორი რომაა? ორი გრამი განათლება კი აქვს, მაგრამ არ იცის? ვის ატყუებენ? უსინდისო ნაძირალაა, ვინც მაგას იძახის. რაც პროკურორმა ბულბულაშვილმა თქვა არის ნაძირლური ტყუილი. მაგისთვის წვეტიანი ფეხსაცმლით და პანჩურით უნდა გამოაგდო პროკურატურიდან", - აცხადებს უგულავა.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

23 თებერვალს ნიკა მელია  დააკავეს. 


close დახურვა