logo

საძაგლიშვილი: 13 აპრილს დიდი ალბათობით მოხდება მელიას პატიმრობის გადახედვა

08 აპრ 202112:40
3 წუთის საკითხავი
clock 219

ნიკა მელიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ 13 აპრილს გადანიშნულ სასამართლო სხდომაზე, დიდი ალბათობით, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა მოხდება და პატიმრობა შეიცვლება.

ადვოკატის განმარტებით, ნიკა მელიასთვის სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლების მიცემა პირდაპირ არ ნიშნავს, რომ შემდეგ სხდომაზე მას გაათავისუფლებენ.

„ვინაიდან სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა სასამართლოს სხდომაზე ნიკა მელიას დაბრუნების შესახებ, შემდეგ პროცესზე უკვე წარმოდგენილი იქნება ნიკა მელიაც და დიდი ალბათობით, ამავე პროცესზე მოხდება შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა, ვინაიდან 16 აპრილი დედლაინია. არ მგონია, რომ 13 აპრილიდან 16 აპრილის შუალედში კიდევ ერთი სხდომა ჩაატარონ. 

ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება ინდიკაცია, რომ შემდეგ სხდომაზე გაათავისუფლებს მელიას, ამ საქმესთან დაკავშირებით დიდი ინტერესია არა მარტო ქვეყანაში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მელიასთვის ფიზიკურად დასწრების საშუალების არმიცემა წარმოუდგენელი იქნებოდა", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს უფლება მისცა, დაესწროს სასამართლო განხილვებს. სწორედ ამიტომ ხელახალი სასამართლო სხდომა 13 აპრილს ჩაინიშნა.

 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.  მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.

close დახურვა