logo

ჭყონდიდზე კრების პარალელურად, საპატრიარქოსთან ილია მეორეს მხარდასაჭერი აქცია იმართება

08 აპრ 202113:24
3 წუთის საკითხავი
clock 90

საპატრიარქოში სინოდის წევრების ნაწილის კრების პარალელურად, შესასვლელთან პატრიარქის მხარდამჭერი აქცია იმართება. მღვდელმთავრები სხვა საკითხებთან ერთად, მათ შორის, ბოლო დროს ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენებს განიხილავენ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, თათბირს დაესწრება ჭყონდიდის მოქმედი მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე. 

"ჩვენ ვიცით, რომ გუშინ მამა გრიგოლი, რომელიც მიავლინა მეუფე სტეფანემ ერთ-ერთ ტაძარში მსახურებისათვის, არ შეუშვეს ტაძარში, სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმთავარმა შეუწყვიტა მსახურება, მაინც იმსახურეს.

ეს არის უხეში დარღვევა. თუკი მათ აპელაციაზე შემოაქვთ საჩივარი, მანამ, სანამ აპელაციის შედეგი არ დადგება, უნდა დაემორჩილონ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას. ეს კიდევ ერთი დარღვევაა, როდესაც მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას უგულებელყოფს სასულიერო პირი", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ სხდომის დასწრებამდე. 

ჯაღმაიძის თქმითვე, სინოდის ბოლო განჩინების თანახმად, უნდა შეიქმნას სინოდალური კომისია, რათა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს საკითხი შეისწავლოს.

საპატრიარქოს გარეთ შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი ადგილზე პატრიარქის მხარდასაჭერად მივიდნენ. მათ ნაწილს აცვია მაისური წარწერით "მე მიყვარს პატრიარქი".

აქციის მონაწილეებს შორისაა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერები. 

 

4 აპრილს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 5 სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. 

მღვდლობიდან განკვეთილია არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი). ასევე, მიტროპოლიტის ბრძანებით, "დანაშაულების გამო" მღვდელმსახურება აეკრძალათ იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხიძე), მღვდელმონაზონ ლუკას ( იბრაგიმოვი ), დიაკონ ანანია (კალანდიას). 

სასულიერო პირები გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეპისკოპოსმა კანონებს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა. 

მიტროპოლიტმა სტეფანემ კიდევ 2 სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება მარტის დასაწყისში შეუჩერა, მოგვიანებით კი დედა სოსანა გადააყენა მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვრობიდან. 

მიზეზი მათ მიერ ყოფილი ჭყონდიდელი ეპისკოპოსის, პეტრე ცაავას მხარდაჭერა. 

მრევლის ნაწილი მათ ეწინააღმდეგება და ეპისკოპოსი პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებების ნამდვილობის და მისი სიმართლის დადასტურებას ითხოვს. 

პეტრე ცაავა საპარტრიარქოს გიორგი მამალაძის საქმის გამო დაუპირისპირდა. მოგვიანებით კი, 2019 წლის 31 ოქტომბერს, მედიას მისი განყენების შესახებ წინასწარ აცნობა და მიზეზად მისი მხრიდან სინოდის სხდომაზე „საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“ დაასახელა. 

მოგვიანებით თავად მიტროპოლიტი პეტრეს მიმართ გაჩნდა ბრალდება - თითქოს მას შვილი ყავს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. ცაავას მხარდამჭერები ბრალდების დამტკიცებას ითხოვენ. 

8 მარტს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მედიის წარმომადგენლები მეორე სართულიდან, აივნიდან გადმოცვივდნენ და დაშავდნენ. ისინი იდგნენ იმ ოთახის კარებთან, სადაც სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს მიერ 2 სასულიერო პირისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას აპროტესტებდნენ. 

ჟურნალისტები სწორედ ეპარქიის შიგნით დაპირისპირებას აშუქებდნენ. აივნიდან გადავარდნის შემდეგ რამდენიმე მათგანმა ფიზიკური დაზიანება მიიღო. 

მომხდარის შემდეგ მიტროპოლიტი სტეფანე დაშავებულების მდგომარეობით არ დაინტერესებულა. მედიის კითხვების პასუხად კი მან გალობა დაიწყო.

close დახურვა