ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გმობს ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს.
საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებას ჩაატაროს ამ შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საელჩო ხაზს უსვამს თებერვალში, ფორმულას ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტსაც.
"თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ შეძლონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება საზოგადოების ინფორმირების, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.
მათი ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირდება.
ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც, თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს.