logo
ENG



"ვიღებ პარტიულ პაუზას, მაგრამ ვრჩები ოპოზიციურ ბრძოლაში" - ბაქრაძემ ევსაქები დატოვა

10 აპრ 202111:25
3 წუთის საკითხავი
clock 962

დღეს, 10 აპრილს ევროპული საქართველოს ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. 

დავით ბაქრაძე კი დღევანდელ ყრილობას არ დაესწრება. მიზეზი ის არის, რომ ბაქრაძე პარტიას ტოვებს. ამის შესახებ მან განცხადება 2021 წლის თებერვალშიც გააკეთა, თუმცა, გადაწყვეტილება დღეს ოფიციალურად გაფორმდება. 

"მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან 2020 საპარლამენტო არჩევნების უხეში და დაუფარავი გაყალბებისა, “ევროპული საქართველოს” მიერ ნაჩვენები შედეგი ძალიან შორს იდგა სასურველისგან - წინა არჩევნებთან შედარებით მიღებული ხმების მნიშვნელოვანი კლება და დიდ ქალაქებში (პირველ რიგში, თბილისში) ნაჩვენები უკიდურესად ცუდი შედეგი მკაფიო ნიშანია, რომ პარტია საჭიროებს ფუნდამენტურ სიახლეებს და რეფორმებს, მათ შორის, ლიდერების გუნდის მთლიან განახლებას, ახალი სახეების წინ წამოწევას და სხვა პარტიებთან ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციებში ჩართვას.

სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, აღარ დავრჩენილიყავი თავმჯდომარის თანამდებობაზე და ამით გზა გამეხსნა პარტიაში ახალი ლიდერების დამკვიდრებისთვის". - წერს დავით ბაქრაძე. 

მისივე თქმით, ანალოგიური პოზიცია აქვთ გიგი უგულავას და პარტიის ლიდერების ნაწილს, თუმცა, ასე არ ფიქრობ გიგა ბოკერია. ბაქრაძის შეფასებით, ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს. როგორც ბაქრაძე ამბობს, სწორედ ამიტომ ტოვებს ის პარტიასაც

"მან ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო მისი დარჩენა პარტიულ თანამდებობაზე. პატივს ვცემ გიგას აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს - დღეს ყრილობაზე წარდგენილი ლიდერების შემადგენლობით ძალიან რთული იქნება, პარტიამ მოახერხოს ამომრჩევლის და პოტენციური კოალიციური პარტნიორების დარწმუნება განახლებაში, ახალ ხედვებში და შესაბამისად, უკეთეს სამომავლო პერსპექტივაში.

სწორედ ამიტომ, რადგან არ ხდება პარტიის ფუნდამენტურად განახლება - რაშიც მზად ვიყავი, თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ, უკვე რიგითი წევრის სტატუსით დავხმარებოდი პარტიას - მივიღე გადაწყვეტილება, თავმჯდომარეობასთან ერთად უარი ვთქვა პარტიის წევრობაზეც.

ცხადია, ეს არის ადამიანურად ძალიან რთული გადაწყვეტილება - დამოუკიდებლად პოლიტიკური პროცესებისგან, “ევროპული საქართველო” ყოველთვის დარჩება ჩემთვის ძვირფასი და ღირებული ადამიანების გუნდად, ვისთან ერთადად ბევრი სირთულე გავიარეთ და ღირსეულად ვიბრძოლეთ. დღეს, კიდევ ერთხელ, მადლობას ვეუბნები ყველას - ლიდერებს, ოფისის თანამშრომლებს, რეგიონულ ორგანიზაციებს, საპარლამენტო გუნდს.

უკეთესი საქართველოსთვის ჩვენი საერთო ბრძოლა გრძელდება და, პარტიით თუ უპარტიოდ, ყველას ვუსურვებ წარმატებას.

რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებს, ამ ეტაპზე არ ვაპირებ რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას და “ევროპული საქართველოდან” წასვლის შემდეგ ვიღებ პარტიულ პაუზას. მაგრამ ვრჩები პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და პოლიტიკოსი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, ეკონომიკურად წელში გამართული, თავისუფალი, ერთიანი და ევროპული სახელმწიფო!". - წერს ბაქრაძე. 

ევროპული საქართველოს ყრილობა 13:00 საათზეა დანიშნული. 


close დახურვა