logo

შსს: არ დავუშვებთ რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს

12 აპრ 202116:33
3 წუთის საკითხავი
clock 129
შსს: არ დავუშვებთ რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო რიონის ხეობაში აქციის მონაწილეებს მოუწოდებს არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შსს მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

"უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა და ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. რიონის ხეობის მცველებს სურდათ ჰესის მიმართულებით გადასვლა, თუმცა ადგილზე მყოფმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. 

გუშინ, 11 აპრილს რიონის ხეობაში პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალა, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის მიწაზე იდგა.

პოლიციის ამ მოქმედებას დილიდან თან ახლდა განსაკუთრებულად დიდი საპოლიციო ძალის მობილიზება და მოძრაობის სრულად შეზღუდვა ნამოხვანის მიმართულებით, მათ შორის კარვების მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული ქონდათ პროტესტის ლიდერებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამოხვანში კარვების დაშლის საფუძვლად სრულიად განსხვავებულ და წინააღმდეგობრივ ვერსიებს ასახელებდა. სამინისტრო ოფიციალური განცხადებით უთითებდა მდინარე რიონში წყლის დონის განსაკუთრებული მატებისა და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საფრთხეზე. თუმცა, ადგილზე სამინისტროს წარმომადგენლების მიერ კარვების დაშლის საფუძვლად სახელდებოდა მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ხელშეშლა, ასევე ადგილობრივების არასანდო ქცევა და შედეგად, რიონში თავის დახრჩობის რისკები. 

დღეს ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანიამ ENKA გადახნა ტერიტორია, სადაც კარვები იყო განლაგებული.  

close დახურვა