logo
ENG



მელიას ადვოკატი: მოლოდინი იმისა, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არ მაქვს

13 აპრ 202111:10
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც დღეს სასამართლო მიიღებს, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლის მხრიდან გაჟღერდება.

ადვოკატის თქმით, დღევანდელი სასამართლო პროცესი სამართლებრივი სივრციდან გასულია.

"აღნიშნული სასამართლო პროცესი გასულია სამართლებრივი სივრციდან. მოსამართლე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, იქნება ეს ნიკა მელიას გათავისუფლება პატიმრობიდან თუ ამ უკანონო პოლიტიკური პატიმრობის გაგრძელება, ეს იქნება ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გაჟღერდება მოსამართლის მიერ. მოლოდინი იმისა, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხელისუფლების მხრიდან, ნამდვილად არ მაქვს. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ნიკა მელია იმყოფება უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში და მისი გათავისუფლება იქნება ცალსახად გონივრული გადაწყვეტილება", - აცხადებს ადვოკატი.

კონდახიშვილის თქმით, დაცვის მხარის პოზიციაა, რომ ნიკა მელიას მიმართ ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს.

როგორც ის აღნიშნავს, ნიკა მელიას მიმალვის ან მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი არ არსებობს.

"ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი და მასთან მიმართებით უნდა გაუქმდეს ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება. იგი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან და არავითარი რისკი იმისა, რომ ნიკა მელია მიიმალება ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, არ არსებობს", - განაცხადა კოდახიშვილმა. 

 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.  მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნიკა მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას გადახედავს.


close დახურვა