logo
ENG



ადვოკატი: მოსამართლე ვალდებული იყო, ნიკა მელია უპირობოდ გაეთავისუფლებინა

13 აპრ 202118:24
3 წუთის საკითხავი
clock 827
ადვოკატი: მოსამართლე ვალდებული იყო, ნიკა მელია უპირობოდ გაეთავისუფლებინა
ვახო ქარელი/ფორმულა

ნიკა მელიას ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ მოსამართლე ვალდებული იყო, ნიკა მელია გაეთავისუფლებინა, ვინაიდან, პროცესზე პროკურორი აცხადებდა, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველყოფა გირაოსაც შეეძლო, მიუხედავად იმისა, მელია მას გადაიხდიდა თუ არა. 

"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამბობს, რომ თუ ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს კანონის ამოცანებს და მიზნებს, პატიმრობა არ უნდა იქნას გამოყენებული. შესაბამისად, ნინო ჩახნაშვილი ვალდებული იყო, ნიკა მელია უპირობოდ გაეთავისუფლებინა, რამდენადაც პროკურორი ამბობდა, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველყოფა შეეძლო გირაოსაც, იმის მიუხედავად, გადავიხდიდით ამ თანხას თუ არა". - თქვა ბასილაიამ ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში. 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დღეს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლა დღევანდელ პროცესზე არც პროკურორს და არც ადვოკატებს არ მოუთხოვიათ. მოსამართლემ საკითხს პროცედურულად გადახედა. 

პროცესის შემდეგ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბრალდების მხარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას მოითხოვდა იმ შემთხვევაში, თუ ენმ-ის თავმჯდომარე გადაიხდიდა მისთვის მანამდე დაკისრებულ გირაოს. 

"ჩვენი შეთავაზება გავაკეთეთ 25 თებერვალს, ასევე 8 აპრილს. თუ დაცვის მხარე იქნებოდა თანახმა, შეესრულებინა გირაოს გამოყენების პირობები, ბრალდების მხარე ითანამშრომლებდა სასამართლოსთან პატიმრობის შეცვლაზე გირაოთო

დაცვის მხარეს ამ დრომდე არ ჰქონია არანაირი მცდელობა, გაერკვია ჩვენი შეთავაზება და ეწარმოებინა დიალოგი ამ პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.

იმისთვის, რომ გვეშუამდგომლა სასამართლოსთან, უნდა არსებულიყო დაცვის მხარის პოზიცია, რომ ის ეთანხმება გირაოს გამოყენებას". - თქვა მან. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა დღეს, 13 აპრილს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.  მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა.

 


close დახურვა