logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: გამოსვლა საფარიდან

14 აპრ 202121:12
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/14/w2xc1zz62l1juhu.jpg

ოცნების ციხე შიგნიდან გატყდა... დღეს გახარიამ პოლიტიკაში შემოსვლის  პირველი რეალური ნაბიჯი გადადგა: უმრავლესობას 6 დეპუტატი წაართვა, რითაც პარლამენტში მისი პოლიტიკური გუნდის კონტურები მოხაზა, ოცნების უმრავლესობას კი ბზარი გაუჩინა. ბზარი, რომლის გაფართოების შემთხვევაში, შესაძლოა, მმართველმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა და მასთან ერთად ძალაუფლებაც დაკარგოს.

გიორგი ხოჯევანიშვილს, რომელიც ოცნებიდან წამოსულების ლიდერაად მოგვევლინა,  პოლიტიკური გეგმებზე ბევრი არ უსაუბრია. განაცხადა, რომ გახარიას გუნდს სხვა დეპუტატებიც შეუერთდებიან. მთავარ ამოცანად კი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისისა და რადიკალიზაციის დასრულება გამოაცხადა, რის მისაღწევადაც არც რიგგარეშე არჩევნების მხარდაჭერა გამორიცხა.

ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ახალი არჩევნები დღეს არავის ისე არ აწყობს როგორც გახარიას. თუ მას მართლა უნდა, რომ დასუსტებული და რეპუტაციადაკარგული ქართული ოცნების რეალურ ალტერნატივად იქცეს, უნდა იჩქაროს. რადგან, თუ ივანიშილი მის პოლიტიკურ ძალას უკვე საკუთარ სატელიტად არ მიიჩნევს, მაშინ ის გახარიას პოლიტიკურ განადგურებას და რეპუტაციის შელახვას დაიწყებს, რისთვისაც დროც და რესურსიც მილიარდელის სასარგებლოდ იმუშავებს.

გახარიას მთავარი ამოცანა კი სწრაფი და წერტილოვანი დარტყმებით, ოცნების რღვევა, უმრავლესობის დაშლა, დეზორგანიზებული პოლიტიკური ძალიდან რაც შეიძლება მეტი ლიდერის გადაბირება, მისი ამომრჩევლის მიმხრობა და შედეგის არჩევნებში გაფორმება უნდა იყოს. მეორეს მხრივ კი, რიგგარეშე არჩევნების საკუთარ აქტივად ჩაწერა, მის პოლიტიურ ძალას მცირე ოპოზიციური პარტიების ელექტორატის მიმხრობის საშუალებასაც მისცემს.

დღეს ოცნების უმრაველეოსობის ბედი 9 დეპუტატზე კიდია. არ არის გამორიცხული, რომ გახარიას პარტიას ოცნების სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყოფილმა პრემიერმა უმრავლესობის დასაშლელად და რიგგარეშე არჩევნებისთვის საჭირო რაოდენობის პარლამენტის წევრების გადაბირება მოახერხოს.

აქ კი ყველას დროებით ჩრდილში გასული, თუ უცხოეთში სამკურნალოდ წასული თბილისის მერი გვახსენდება. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ოცნების საპარლამენტო უმრაველოსობის არაერთი წევრი მის გუნდში მოიაზრება და ნებისა და შესაბამისი პოლიტიკური მოტივაციის შემთხვევაში, სწორედ ის შეიძლება გახდეს უმრავლესობის დაშლისა და რიგგარეშე არჩევნების გამომწვევი.

სწორედ ამიტომ, მოსალოდნელია, რომ ივანიშვილის, გახარიას, სააკაშილის თუ ჩვენი დასავლელი მეგობრების ყურადღება დღეს კალაძისკენ იყოს მიპყრობილი და მის კარზე კაკუნიც გახშირდეს, რადგან სწორედ მის ხელშია ქვეყნის კრიზისიდან ყველაზე მარტივად გამოყვანის გასაღები.  ჩვენთვის უცნობია, გეგმავს თუ არა თბილისის მერი დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ გამოსვლას მოედანზე. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, დღეს თუ კალაძის მთავარი საფრთხე ივანიშვილის პროკურატურაა, ხვალ კალაძის პოლიტიკური მოძრაობა შეიძლება გახდეს მილიარდერის თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილი.

ბუნებრივია, ივანიშვილმა შეიძლება სცადოს გახარიასთან  და კალაძესთან (თუ ის ოცნებიდან წავა) შეთანმხება და რიგგარეშე არჩევნების გარეშე კოალიციური პრინციპით ხელისუფლებაში დარჩენა, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი და დიდი ალბათობით მოჩვენებითი გამოსავალი იქნება: როგორც დაშლილი ველოსიპედის ნაწილებით სარეცხ მანქანას ვერ ააწყობ, ისე ერთხელ უკვე დაშლილი ოცნებისგან, რიგგარეშე არჩევნების გარეშე - ახალ მმართველ კოალიციას ვერ შექმნი, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი არ შეიცვლება, პრობლემა კი ყველასთვის, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ჯამია: 150 კაციანი პარლამენტის დეპუტატთა ჯამი კი 90 თუ 96 ვერ იქნება.

გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია, რომელიც ხვალ, შესაძლოა, ყველას აწყობდეს, შინ და გარეთ. ივანიშვილს, რომელსაც პოლიტიკურ მოედანზე 2 ან 3 მოთამაშე ეყოლება, ახალი არჩევნები სისუსტედ არ ჩაეთვლება და საკუთარი რესურსის გათვალიწინებით ჯამური შედეგის გაუმჯობესების შანსიც კი მიეცემა.  გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც ოცნების დაშლას და რიგგარეშე არჩევნებს საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩენს; ნაცმოძრაობას, რომელიც 2012 წლის შემდეგ პირველად ქართულ პოლიტიკურ მოედანზე  შედეგით ყველაზე დიდი პარტია შეიძლება გახდეს; ჩვენს გადაღლილ და ნერვებმოშლილ დასავლელი პარტნიორებს, რომლებიც შედეგად კრიზისის დასრულებას და მრავალპარტიულ პარლამენტს მიიღებენ და რაც მთავარია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ჩვენს მოსახლეობას, რომლებიც დღეს, დაუსრულებელი პოლიტიკური ორომტრიალის გამო, ყურადღების მიღმა რჩებიან.


close დახურვა