logo
ENG



ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

19 აპრ 202122:33
3 წუთის საკითხავი
clock 1918
2021/04/20/80az0ua43n0a62q.jpg
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა. 

მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს შემდეგმა ოპოზიციურმა პარტიებმა: ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე], სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე], რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე], გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი], მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა]. იყო ინდივიდუალური ხელმოწერებიც, კერძოდ: სალომე სამადაშვილი, დავით ბაქრაძე და ზურაბ ჯაფარიძე. 

ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს მათ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. დოკუმენტს ხელი ასევე ლეიბორისტულმა პარტიამაც არ მოაწერა. 

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა