logo
ENG



გოლეთიანი: მთავრობამ შეგნებულად გაწელა მთელი ეს კვირა და არ გვითხრა ჩვენს პირობებზე პასუხი

21 აპრ 202114:44
3 წუთის საკითხავი
clock 966
ვახო ქარელი/ფორმულა

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, "რიონის მცველები" მოთხოვნებთან დაკავშირებით მთავრობის პასუხს უახლოეს ორ დღეში ელოდებიან.

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ თუ მთავრობა კორონავირუსთან დაკაშირებით დამატებით რეგულაციებს დააწესებს და "რიონის მცველებს" პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება არ ექნებათ, შეიქმნება განცდა, რომ ხელისუფლება დროს ხელოვნურად წელავს.

"დღეს რწმუნებულსაც დავუკავშირდი და მასაც ვუთხარი ჩვენი პოზიცია, რომ თუკი დაემატება კოვიდიდან გამომდინარე შეზღუდვები ან აიკრძალება საქალაქთაშორისო გადაადგილება და ადამიანებს საშუალება არ ექნებათ იმის, რომ ჩვენამდე მოვიდნენ და თავისუფლად დავგეგმოთ პროტესტი, ეს გააჩენს განცდას, რომ ხელისუფლებამ დრო შეგნებულად გაწელა, შემდეგ გამოიყენა კოვიდი და ჩაკეტა ჩვენი პროტესტის ჩატარების შესაძლებლობა. მათ თქვეს, რომ დღესვე მოხდება პრემიერთან ამ საკითხის განხილვა და არცერთ შემთხვევაში მათი პასუხი არ გადასცდება პარასკევს", - ამბობს გოლეთიანი. 

როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, "რიონის მცველების" პირობები უცვლელია.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება მათ პირობებს არ შეასრულებს, მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყება. 

"თუ ჩვენი პირობები არ დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ. მათ კარგად იციან ჩვენი შეხედულებები და სწორედ ამ ნაწილში ველოდებით პასუხს მათგან. თუ ეს პირობები არ დაკმაყოფილდა, ჩვენ ფართო მასშტაბიანი აქციების გზით წავალთ და კიდევ უფრო დაიძაბება პროცესი. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ შეგნებულად გაწელა მთელი ეს კვირა, რომ არ გვითხრა პასუხი", - ამბობს გოლეთიანი. 

15 აპრილს ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეები ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა თქვეს, რომ "იგრძნობოდა დათმობითი სულისკვეთება" და რომ "თუ ჰესის აშენება შეეწინააღმდეგება საერთო ინტერესს, ის არ აშენდება".  

"რიონის მცველების" თქმით, შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს თავიანთი პირობები გააცნეს.

პარალელურად კი კომპანია ენკამ გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით შეიქმნება.

პარალელურად პროტესტი გრძელდება. "რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

აქციის მონაწილეები ითხოვენ: 

შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.


close დახურვა