ოპოზიციამ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის საკუთარი ვერსია დაარეგისტრირა.
მათ მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი შემდეგ მუხლებს მოიცავს:
- სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მის ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.
ამ მუხლითაა დაკავებული ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია. კანონპროექტი ასევე მოიცავს :
- სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს.
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, (წვრილმანი ხულიგნობა) 173-ე (სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 1741 (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) მუხლების შესაბამისად.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.
კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ პირს, რომელსაც ამნისტია შეეხება, მისი ერთჯერადად გასაჩვრება აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შეუძლია.
27 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
მხარეები ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც პარლამენტში კანონპროექტის ორი ვარიანტი დარეგისტრირდა. ერთი მმართველი გუნდის, მეორე კი - ოპოზიიცის.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადბენ, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს სრულად შეესაბამება.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის შალვა შავგულიძის თქმით, ხელისუფლების სურვილია ამნისტია 19-21 ივნისის ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე გავრცელდეს და ამნისტიის კანონპროექტში კონკრეტულად ბრალდებები და მუხლები არ იყოს მოხსენიებული.
შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, რამდენიმე პუნქტს შეიცავს. ერთერთი კი 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.