logo
ENG



უფასო აბონემენტები და უნებართვო მშენებლობები - მთის კურორტების კომპანიის აუდიტი

30 აპრ 202109:42
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მთის კურორტების განვითარების კომპანიამ 2018-2019 წლებში 159 მილიონამდე ლარის ღირებულების სამშენებლო ხელშეკრულებები უნებართვოდ გააფორმა.

"კომპანიამ 2018-2019 წლებში 12 ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული 158 702 266 ლარის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები აწარმოა წინასწარი სამშენებლო ნებართვების გარეშე. კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში იყო მთავრობის განკარგულებებით განსაზღვრული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელების აუცილებლობა და მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები".

ასევე, აუდიტი დარღვევად მიიჩნებს იმასაც, რომ 2018-2019 წლებში კომპანიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე უფასოდ გაიცა 133 000 ლარის აბონემენტები.

"VIP მომხმარებლებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების ღირებულების ჯამმა შეადგინა 128 000 ლარი. კომპანიამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტის სახით შექმნილი აბონემენტებით უფასოდ მოსარგებლე პირთა სრული სია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა თანამშრომელთა ოჯახის წევრების და VIP მომხმარებლების იდენტიფიცირება და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის დადგენა", - წერია ანგარიშში. 

აუდიტის დასკვნის თანხმად, პრობლემურად შეფასებულია კომპანიის ყოფილი დირექტორის მიერ საკუთარი თავისთვის დასაბუთების გარეშე გაზრდილ ხელფასიც.

აუდიტი წერს, რომ კანონმდებლობის თანახმად სახელმწიფო კომპანიის დირექტორის ანაზღაურება მისი უშუალო ზედამხედველი უწყების - სახელმწიფო ქონების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება

შესაბამისად აუდიტი კომპანიის დირექტორს არაუფლებამოსილ პირად მოიხსენიებს:

"არაუფლებამოსილი პირის მიერ შრომის ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებული ბრძანების გამოცემით დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ნოემბრამდე კომპანიის ყოფილი დირექტორის ანაზღაურება უსაფუძვლოდ გაიზარდა ჯამში − 109 021 ლარის ოდენობით". 


close დახურვა