საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს და უქმეების დასრულების შემდეგ აქციებს აანონსებს. გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ თვეებია მისი ქმრის საქმეზე წინსვლა არაა.
"9 თვე, ფაქტობრივად, იმედებში გავატარეთ. ყოველი შეხვედრიდან შეხვედრამდე ველოდით, რომ რაღაც შეიცვლებოდა, წინსვლა იქნებოდა, მაგრამ უშედეგოდაა ეს ყველაფერი. ეს უქმეები რომ დამთავრდება, ჩვენ გავალთ და ჩავატარებთ მასშტაბურ აქციებს. ჩვენ გარშემო 7 სოფელია, ფეხზე არიან, როგორდ რამე ეშველოს, ყველა გვერდში გვიდგას", - ამბობს ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი.
გახელაძის დედის, ნანა ბუნტურის თქმით, მათ კომუნიკაცია სუს-ის წარმომადგენლებთანაც აღარ აქვთ.
"აქამდე, რეკავდნენ სუს-ის წარმომადგენლები, რომ ცხელი ხაზი გავააქტიურეთ და ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგიაო. ახლა იციან, რომ ფეხი მოურჩა, ახალგაზრდა კაცია და შიმშილით არა კლავენ, ალბათ. ცოცხალია და რა მნიშვნელობა აქვს, როგორაა. ის, როგორაა, მე კი ვიცი...", - ამბობს ის.
27 აპრილს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის რიგით 99-ე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
ზაზა გახელაძე, ისევე, როგორც გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი კვლავ უკანონოდ არიან დაპატიმრებულები.
ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო. ზაზა გახელაძემ ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.