logo
ENG



დეკანოიძეს მიაჩნია, რომ მელიას გათავისუფლების შემდეგ ენმ პარლამენტში უნდა შევიდეს

04 მაი 202117:17
3 წუთის საკითხავი
clock 2851
დეკანოიძეს მიაჩნია, რომ მელიას გათავისუფლების შემდეგ ენმ პარლამენტში უნდა შევიდეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ როცა ნიკა მელია გათავისუფლდება, პარტია საპარლამენტო საქმიანობაში უნდა ჩაერთოს.

როგორც მან TV პირველის ეთერში ისაუბრა, ეს მისი პირადი პოზიციაა და საკითხთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები გაიმართება.

"ჩემი უშუალო პოზიციაა, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გათავისუფლდება, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა მიიღოს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა და რატომ, რაციონალურად გეტყვით - პირველ რიგში, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვთანხმდებით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გავდივართ და ასე ვთქვათ, ეს უნდა ვაქციოთ რეფერენდუმად, ჩვენ გვესმის ყველას, რომ ეს არ არის ის შედეგი და პრინციპულობით, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა, მაგრამ 43% იყოს რეფერენდუმი, დავუშვათ, მაშინ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ფრონტზე ამისთვის. ეს არის ჩემი პოზიცია, პირადი პოზიცია. რა თქმა უნდა, ნიკას გამოსვლის შემდეგ, ჩვენ გვექნება კონსულტაციები, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია მისი პოზიცია", - თქვა დეკანოიძემ.

მელია უკვე 2 თვეზე მეტია, ციხეშია. პროკურატურა მას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გირაოს გაზრდილი თანხის გადახდაზე უარი თქვა.  

პირველ მაისს ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელია ციხეში მოინახულა. შეხვედრის დატოვების შემდეგ ხაზარაძემ თქვა, რომ მელია იზიარებს პოზიციას, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს შემოთავაზება უპრეცედენტოა და ამასთან, ის ეთანხმება საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეასაც, რომლითაც "დადგინდება, ვინ იჯალათა და ვინ გასცა 20 ივნისის აქციის დაშლის ბრძანება". 

იმავე დღეს სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ "როგორც ჩანს, ნიკა მელია ევროკავშირის მიერ დაფარული გირაოს გამოყენებით დატოვებს საპატიმროს". 

ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის შემდეგ დადგა, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა მოაწერა. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, ასევე მოიაზრება გირაოს გადახდაც.


close დახურვა