logo
ENG



"საძოვრები სოფლისაა, ხალხისაა" - წნორის მცხოვრებლები საძოვრების გაყიდვას აპროტესტებენ

08 მაი 202115:07
3 წუთის საკითხავი
clock 1439

 წნორის მცხოვრებლები საძოვრების გაყიდვას აპროტესტებენ. მათი თქმით, მესაქონლეობა შემოსავლის ძირითადი წყაროა.

საძოვრები, სადაც ადგილობრივებს თავიანთი საქონელი გაჰყავდათ, აუქციონზე გასაყიდად ეკონომიკის სამინისტრომ გაიტანა. 

"დაპატარავდა, დავიწროვდა, შემცირდა საძოვრები. არაფერი დაგვრჩა. მივაკითხეთ წნორის საკრებულოს, სიღნაღის გამგეობას". - ამბობს ერთი წნორელი

"გაგვიყიდეს საძოვარი. ჩუმად გაყიდეს. ღამე მოიხნა და დაითესა ის საძოვარი და ჩვენ კიდე ხახამშრალები დაგვტოვეს. შვილებს აღარც რძე ექნებათ, აღარც მაწონი". - თქვა სხვამ. 

"ეს მიწა ხალხისაა, სოფლისაა. ცხვარი გვყავს, თხა გვყავს, ძროხა გვყავს, არ უნდა ვაბალახოთ?". - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი. 

აქციაზე მივიდა ელენე ხოშტარიაც. მისი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას არ ესმის თავისი მოსახლეობის. 

"წარმოუდგენელია, რომ ჯერჯერობით ისევ ის სახელმწიფო ვართ, იმ მიწის ბედი, რომელიც სჭირდება, რომელიც მუდმივად ჰქონდა გლეხს სარგებლობაში, წყდება არა ადგილობრივად, არამედ ეკონომიკის სამინისტროს დონეზე. ხალხს არაფრად აგდებენ, არაფერს ეკითხებიან. ეს არის საბჭოთა გადმონაშთი, როცა მიწა არის სახელმწიფოს საკუთრებაში და ისე განკარგავს, რომ ხალხს არაფერს ეკითხებიან". - თქვა ხოშტარიამ. 

სიღნაღის მერიაში ფორმულას უთხრეს, რომ საკითხს იცნობენ და გაამზადეს კიდეც წერილი, რომლითაც ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ. 


close დახურვა