logo
ENG



ნიკა მელია გათავისუფლდება - სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეცვალა

10 მაი 202116:35
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხიდან გათავისუფლდება. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

პროცესს არ ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რადგან ის წინა სხდომაზე მოსამართლემ გააძევა. იგი რუსთავის ციხიდან გათავისუფლდება, სადაც მისი თანაპარტიელები და მხარდამჭერები ელოდებიან. 

ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ იმსჯელეს. ამის საფუძველი გახდა ევროკავშირის მიერ 7 მაისს გადახდილი გირაოს თანხა. 

***

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.  მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა.


close დახურვა