logo
ENG



ზუგდიდის მერი გადადგა

17 მაი 202110:43
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გადადგა. 

როგორც ის Facebook-ზე წერს, "მისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები, კეთილსინდისიერება პირად ურთიერთობებში, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში".

მისივე თქმით, შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, დატოვოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პერიოდის განმავლობაში ვყოფილიყავი თქვენი მსახური, რაც ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობას გულისხმობდა.

ჩემო ზუგდიდელებო! ჩემი მერობის პერიოდში მუდმივად ვგრძნობდი თქვენი მხრიდან განსაკუთრებულ კეთილგანწყობასა და თანადგომას, რისთვისაც გიხდით მადლობას. ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ ვყოფილვარ. ჩემს გვერდით ყოველთვის იდგნენ გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელეები. მადლობა მათ ღირსეული მსახურებისთვის. ზუგდიდში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებას. მე როგორც რიგითი ზუგდიდელი ყოველთვის ვიქნები ჩემი ქალაქის სამსახურში ამ თუ სხვა პოზიციაზე", - წერს ის.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვებიდან მალევე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. ამ განცხადების შემდეგ ქართული ოცნებიდან რამდენიმე ადამიანი მის გუნდში გადავიდა, მათ შორის არის პარლამენტის 6 დეპუტატი. უცნობია, იქნება თუ არა შენგელია გახარიას გუნდში.

გახარია პრემიერის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა და მიზეზად ნიკა მელიას დაკავების შესახებ ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.


close დახურვა