logo
ENG



ღარიბაშვილი: გვესმის ჩივილი, რომ კომენდანტის საათი შემაწუხებელია, ვიმსჯელებთ ამაზე

17 მაი 202111:06
3 წუთის საკითხავი
clock 2990
ღარიბაშვილი: გვესმის ჩივილი, რომ კომენდანტის საათი შემაწუხებელია, ვიმსჯელებთ ამაზე
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ დღეს, 17 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კომენდანტის საათის საკითხზე იმსჯელებენ. 

"ზაფხულის დადგომასთან ერთად ტურისტების ნაკადი იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად ვუპასუხოთ ტურისტების შემოდინებას. ბევრი ჩივილი გვესმის იმაზე, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტრიდან". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დღეს 12:00 საათზე დაიწყება. 

კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას 30 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს. 

ომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბრიდან, უკვე ნახევარი წელია მოქმედებს. თავდაპირველად გადაადგილება ქვეყნის დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში შეიზღუდა. მაშინ მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე ეკრძალებოდათ. გამონაკლისი არჩევნების მე-2 ტურის დროს დაუშვეს, როდესაც შეზღუდვა 2 ღამით გაუქმდა.

მოგვიანებით, არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან აამოქმედა.

გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი კიდევ 2-ჯერ, ახალ წელსა და მართლმადიდებლური შობის ღამეს მოიხსნა. გადაადგილების შეზღუდვა საქართველო-ესპანეთს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროსაც შემსუბუქდა და მხოლოდ ბილეთების მქონე პირებს შეეხო.

ბოლო შემსუბუქება მართლმადიდებლური აღდგომის ღამესაც განხორციელდა, როდესაც გადაადგილების შეზღუდვა 3 საათით ნაკლები დროით მოქმედებდა. კერძოდ, კი ე.წ. კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით არა ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, როგორც რიგითი მოქალაქეების, ისე ბიზნეს სექტორის მიერ.


close დახურვა