გიდები მღვიმეების და კანიონების გახსნას ითხოვენ.
საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის განცხადებით, მათთვის გაუგებარი მიზეზით, დაკეტილია ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ტურისტული ატრაქციები - მღვიმეები და კანიონები: პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, ნავენახევის მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კინჩხის კანიონი.
"ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი წყალტუბოს, ხონისა და მარტვილის მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება მათი ძირითადი შემოსავლის წყაროს გახსნას და ტურისტების მასპინძლობას.
გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან, ჩვენი ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტურიზმის ინდუსტრიის მიერ დაყენებულ მთავარ მოთხოვნებს:
- დროულად გაიხსნას ზემოთ ჩამოთვლილი ტურისტული ობიექტები;
- სრულად მოიხსნას კომენდატის საათი;
- დაჩქარდეს, ტურიზმის ინდუსტრიის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია". - წერია გიდების ასოციაციის განცხადებაში.