logo
ENG



სუბარი დმანისის მოვლენებზე: საღამოსთვის ყველაფერი იქნება დალაგებული

17 მაი 202116:59
3 წუთის საკითხავი
clock 678

სოზარ სუბარი აცხადებს, რომ დმანისში დაპირისპირება საღამოსთვის ამოწურული იქნება.

სუბარის თქმით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა და ამ ეტაპზე მდგომარეობა დამშვიდებულია.

„გუშინ კონფლიქტი იყო ყოფით ნიადაგზე, რომელსაც მოჰყვა ძალიან ცუდი ესკალაცია. ამ ესკალაციაში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ვხვდებით ყველა მხარეს, ამ წუთებში სიტუაცია დამშვიდებულია, კიდევ უფრო დამშვიდდება. წუხანდელ ინციდენტთან დაკავშირებით ყველა ადამიანი არის დაკითხული, გამოკითხული, მთელი ინფორმაცია არის მოგროვებული, იგივეა დღევანდელთან დაკავშირებით, ხდება ინფორმაციის მოგროვება და ყველას გამოკითხვა მოხდება, იქნება ყველა ზომა მიღებული.

დაპირისპირებული მხარე არ არსებობს, ყველანი ერთნი ვართ, ადამიანებთან მიდის მუშაობა. საღამოსთვის ყველაფერი იქნება დალაგებული. უკვე გვქონდა რაღაც ტიპის შეხვედრები და ვაგრძელებთ შეხვედრებს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ის, რაც მოხდა, იყო არასწორი, იყო გაუგებრობა, მოჰყვა წუთიერ აღელვებას და დაწყნარდება ყველაფერი", - განაცხადა სუბარმა.

 

დმანისში ადგილობრივები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებამ დღეს, 17 მაისს უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. 

დმანისის ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით იყო შეიარაღებული. ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც. 

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ. 

16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა. 

საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ. 

მაღაზია ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ეკუთვნით. 

შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა. 

მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. 

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მ და ადგილობრივებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, ასევე ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. 

 


close დახურვა