თბილისში, პეკინის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.
შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი მე-5 სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი ზედა სართულებზე გავრცელდა.
ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა მეზობელი ბინებიდან, უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეები გამოიყვანეს, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
"მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა როგორც სადარბაზოდან, ასევე, სახანძრო კიბის საშუალებით. პარალელურად, მიმდინარეობდა ქრობის აქტიური სამუშაოები.
არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და საშიშროება აღკვეთა. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი, ამ დროისთვის, უკვე ლიკვიდირებულია", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.