logo
ENG



სავარაუდო კორუფცია მერიაში - ავტობუსებში გადახდილსა და რეალურ ფასს შორის სხვაობა ₾60 მლნ-ია

18 მაი 202119:10
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისის მერიის მიერ ავტობუსებში გადახდილ თანხასა და რეალურ ღირებულებას შორის სხვაობა 60 მილიონი ლარია. 

კერძოდ: 

მერიამ თურქულ კომპანია BMC-ს 226 ავტობუსში 55 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა.

ერთი ავტობუსი 250 ათასი ევრო დაჯდა, არადა ეს ტრანსპორტი ბევრად ნაკლები ღირს. სხვაობა 60 მილიონი ლარია.

ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ იგივე ავტობუსის ყიდვა ანკარას 170 ათასი ევრო დაუჯდა. ქალაქ კოჩაელს - 180 ათასი ევრო; ნოვი სადს ასევე 180 ათასი ევრო; პენევეჟისს - 188 ათასი ევრო. 

თბილისის მთავრობამ ავტობუსში ყველაზე მეტი გადაიხადა. 

"სხვა ქალაქებმა შეიძინეს BMC-ის 12-მეტრიანი ავტობუსი საშუალოდ 180 ათას ევროდ. გამოდის, რომ თბილისის მერიამ მათში გადაიხადა 70 ათასი ევროთი მეტი. შეიძლება, ზედმეტობით იყოს გადახდილი 16 ევროთი მეტი. ეს ნიშნავს ძალიან მსხვილ კორუფციულ ფაქტს, თუკი ამის ლოგიკურ ახსნას თბილისის მერია საზოგადოებას არ მიაწვდის". - ამბობს აბესაძე ფორმულასთან

ეს ავტობუსები კომპანია BMC-ის ოფიციალურ საიტზეც უფრო იაფი ღირს. ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი ფასი 205-დან 215 ათას ევრომდე მერყეობდა. ფასი იკლებს შეძენილი ავტობუსების შესაბამისად.

თბილისმა ეს ავტობუსები ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკისგან მიღებული სესხით იყიდა. 

პირველ ეტაპზე შეძენილია 126 ერთეული და ის უკვე მგზავრებს ემსახურება. უახლოეს მომავალში ქუჩებში კიდევ 100 ერთეული უნდა გამოჩნდეს. სად წავიდა დიდი რაოდენობით ფული - ფორმულას პასუხი დღეს ვერავინ გასცა, მათ შორის ვერც თბილისის მერმა.

"ფასიც არ მახსოვს. მაგაზე ხო ტენდერი იყო გამოცხადებული". - კახა კალაძემ ფორმულას ჟურნალისტის კითხვის პასუხად მხოლოდ ეს თქვა. 

კალაძის მოადგილე კი ამბობს, რომ ტენდერში გაიმარჯვა იმან, ვინც ყველაზე ნაკლები ფასი დაასახელა, ანუ თეგეტა მოტორსმა. სწორედ თეგეტა მოტორსია თურქული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი. 

"რამე გაურკვევლობა ნახეთ მაგ ტენდერებში? ფასში სხვაობა რას ნიშნავს, ტენდერით ვიყიდეთ. ყველას შეეძლო მასში მონაწილეობა და ვინც შემოგვთავაზა საუკეთესო პირობები ყველაზე დაბალ ფასად, მისგან ვიყიდეთ. მისაღები პირობები რომ არ ყოფილიყო, როგორ ვიყიდდით. რახან ვიყიდეთ, ხელშეკრულება გავაფორმეთ და ქალაქში ეს ავტობუსები დადის, ე.ი მისაღებია". - თქვა ირაკლი ბენდელიანმა.  

ფორმულა განმარტებებს ჯერ კიდევ ელოდება თეგეტა მოტირსისგან და თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან


close დახურვა