სტრატეგია აღმაშენებელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტს არეგისტრირებს და ძველი ნორმების დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდის მიერ მიღებული კანონპროექტი სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით ანტიდემოკრატიულია.
"ქართულმა ოცნებამ მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი, რითაც ფაქტობრივად თქვა, რომ მას აღარ უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება საქართველოში, რითაც გაამკაცრა სანქციები ყველა პროტესტში მონაწილე ადამიანთან და რითაც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა სამწუხაროდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ. მთელი დასავლური სამყარო შეშფოთებული იყო ამ კონკრეტული კანონპროექტით", - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა მმართველი გუნდის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო არ დაადო, რითაც გაექცა საკუთარ პასუხისმგებლობას.
"ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო ამ კანონზე, მაგრამ ის გაექცა საკუთარ პასუხისმგებლობას და არ გამოიყენა ის კონსტიტუციით ერთადერთი უფლება, რაც აქვს პრეზიდენტს, რომ ვეტო გამოიყენოს კანონებზე.
დღეს ჩვენი გუნდი ვარეგისტრირებთ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, რითაც ძალიან მარტივად ვამბობთ - დაბრუნდეს ძველი ნორმები კვლავ მოქმედებაში", - განაცხადა ვაშაძემ.
პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი 29 აპრილს დაუჭირა.
გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე, გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ფინანსური სანქციები.
ცვლილებები შევიდა სამ მუხლში: 166-ე, 173-ე და 247-ე.
166-ე მუხლში მხარდაჭერილი ცვლილებით, განმეორებით წვრილმან ხულიგნობაზე იზრდება ჯარიმა 1500-დან 2000 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი 7-დან 15 დღემდე.
173-ე მუხლში შეტანილი ცვლილებით, სამართალდამცველის მიმართ ერთხელ დაუმორჩილებლობასა და მის სიტყვიერ ან სხვაგვარი შეურაცხყოფაზე ჯარიმა 2000-დან 3000 ლარამდე იზრდება, ადმინისტრაციული პატიმრობა კი - 15 დღემდე ვადით.
ამავე ქმედების ხელმეორედ ჩადენაზე, ჯარიმა იზრდება 3 500-დან 4 500 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობა კი 10-დან 15 დღემდე.
247-ე მუხლში ცვლილებებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაკავებული პირი, ვალდებული იქნება სასამართლოში გამოცხადდეს პირველი შესაძლებლობისთანავე, არაუგვიანეს 24 საათისა.
კოდექსის ცვლილებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოც. მათ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იმედგაცრუებულები არიან ქართული ოცნების მიერ ხსენებული ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო.
არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები ცვლილებებს საგანგაშოდ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, მიღებული ცვლილებები რეპრესიული მიზნებით შემუშავდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა ინდივიდუალური შეხვედრები გამართა როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა 7 მაისს გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ კანონპროექტზე ვეტოს უფლებას არ იყენებს.
მისი თქმით, არსებული სამართლებრივი არგუმენტები ვეტოს გამოსაყენებლად არ იყო საკმარისი და კანონი შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.