logo
ENG



ჯანეზაშვილი: "კლანი" თადარიგს იჭერს და 4 მოსამართლე წევრს ნიშნავს იუსტიციის საბჭოში

20 მაი 202114:52
3 წუთის საკითხავი
 
ჯანეზაშვილი: "კლანი" თადარიგს იჭერს და 4 მოსამართლე წევრს ნიშნავს იუსტიციის საბჭოში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოში 4 მოსამართლე წევრის დანიშვნის პროცესს "კლანის მიერ თადარიგის დაჭერად" აფასებს და ამბობს, რომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში სასამართლოში ე.წ. კლანის გავლენები გაძლიერდება.

პროცესის შესახებ კრიტიკული მოსაზრება ნაზი ჯანეზაშვილმა მას შემდეგ გააჟღერა, რაც ცნობილი გახდა, რომ 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია ჩაინიშნა. სწორედ ამ კონფერენციაზე უნდა უყარონ კენჭი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ 4 მოსამართლე წევრს.

არამოსამართლე წევრის აზრით, თუკი პროცესი არ შეჩერდება, კლანს ექნება სრული ძალაუფლება იმისათვის, რომ მოსამართლეები დაბრკოლებების გარეშე დანიშნოს.

„კანონით მაქსიმალურად ადრე ჩანიშნეს კონფერენცია და არჩევნები, რადგან ერთგვარ შეტევაზე გადმოდის კლანი და ცდილობენ, დაიჭირონ თადარიგი, არ დაელოდონ რაიმე რეფორმებს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ დიდი ხნის განმავლობაში იუსტიციის საბჭოს სახით ექნება კლანს ძალაუფლება. კონფერენცია საბჭოს წევრებად აირჩევენ ისეთ კანდიდატებს, ვინც იქნება კლანისთვის მისაღები, სხვა არჩევანი წარმოუდგენელია.

მას გადაწყვეტილების მისაღებად, მოსამართლის დასანიშნად, სჭირდება 10 ხმა და ეს ხმები გარანტირებული ექნებათ. 9 მოსამართლე წევრი და პლუს ერთი არის არამოსამართლე წევრი, რომელიც პრეზიდენტმა დანიშნა თანამდებობაზე და არის კლანის წევრის ნათესავი. წინასწარ, ჯერ კიდევ შარშან, არის დაგეგმილი, რომ კლანს ჰქონდეს ძალაუფლება", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი ფორმულასთან საუბრისას.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის აზრით, პროცესის შესაჩერებლად უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება და ეს ნება შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტში აისახოს.

„თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მხოლოდ ეს ბერკეტია და ეს გადაწყვეტილება გაფორმდება სამართლებრივი ჩარჩოთი. თუმცა, თუკი პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს, უფრო მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებაცაა შესაძლებელი", - აცხადებს ჯანეზაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, უკვე რამდენიმე წელია, სასამართლო სისტემას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მას ე.წ კლანი მართავს.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის დასკვნით, 2020 წელს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულმა მოსამართლეთა გავლენიანმა ჯგუფმა ე.წ. „კლანმა“ მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამდებობების დაკავება და მათზე ლოიალური მოსამართლეების გამწესება შეძლო.


close დახურვა