50 ოპოზიციონერი დეპუტატი NATO-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავს.
დეპუტატები გმობენ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, მილიტარიზაციასა და მათი ანექსიისკენ მიმართულ მორიგ ქმედებებს. აღნიშნავენ, რომ ამის ახალი გამოხატულება ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების გადაწყვეტილებაა, ისევე, როგორც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში ინტეგრაციის მცდელობა.
"მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებითი გამოწვევაა არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის, ასევე მთლიანად შავი ზღვის ფართე რეგიონის და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის. მიგვაჩნია, რომ რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის ბაზირება ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში ასევე დამატებითი საფრთხეა ევროკავშირის მიერ ინიცირებული შუა დერეფნის პროექტის განხორციელებისთვის, განსაკუთრებით იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და როცა ქვეყანა ელოდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას", - აღნიშნავენ დეპუტატები.
ოპოზიციონერები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის გაგრძელებაა. მათი თქმით, ცივილიზებულმა დასავლეთმა უნდა შეაკავოს რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის გამოვლინება, როგორც უკრაინაში, ასევე, საქართველოში.
მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, დაიკავონ მტკიცე და ერთიანი პოზიცია რუსეთის მიერ განგრძობითი ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის წინააღმდეგ.
"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაიმოწმოს და ეფექტიანად გამოიყენოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს რეგიონებში − ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში − რუსეთის მიერ ოკუპაციის განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი", - ნათქვამია განცხადებაში.
ადასტურებენ მზადყოფნას, გააგრძელონ ინტენსიური და პროაქტიული თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეასთან, რათა მოახდინონ ძალისხმევის კოორდინაცია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დასაცავად.
"ვინაიდან მმართველმა პარტიამ ფაქტობრივი უარი განაცხადა ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუციის მიღებაზე საქართველოს პარლამენტში, ამ ფორმით გიზიარებთ საპარლამენტო ოპოზიციის ერთიან პოზიციას", - მიუთითებენ ისინი.