ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოუწოდებს 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს, განსაკუთრებული სიმკაცრით შეასრულონ გაცემული რეკომენდაციები.
ცერცვაძის თქმით, ასაკოვნებში კორონავირუსი შედარებით მაღალი ლეტალობით გამოირჩევა.
„უფროსი ასაკის ადამიანებში მეტია ფატალური რისკი, თორემ დაინფიცირების თვალსაზრისით არანაირი განსხვავება არაა 15 წლის ზემოთ - ამ ასაკს ქვემოთ დაინფიცირების შემთხვევები ძალიან მცირეა. სხვა ეპიდემიების დროს ასე არ იყო - იქ ბავშვებიც ზიანდებოდნენ. სასწავლო დაწესებულებების დროებით შეჩერება არის გადაზღვევა. ასაკობრივებში გაცილებით მაღალია ლეტალური შედეგები - -საშუალო ლეტალობა 2-3%-ია, მაგრამ ყველაზე მაღალი ლეტალობით 80წელს ზემოთ ადამიანებში ვლინდება. 50 წელს გადაცილებული პირები უნდა იყვნენ ფრთხილად - რაიმე სპეციალური რეკომენდაციები არ არსებობს, გარდა ზოგადისა, რომლებიც მათ უფრო მკაცრად უნდა შეასრულონ. შეიძლება ახალგაზრდები წავიდნენ ამ რეკომენდაციებში გონივრულ რისკზე, მაგრამ 50 წელს გადაცილებულებმა ეს რეკომენდაციები განსაკუთრებულად მკაცრად უნდა შეასრულონ", - ამბობს თენგიზ ცერცვაძე გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა".
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას გადიან.