ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესი, სადაც დღეს მოწმის სახით ფორმულას გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე გამოიკითხა, გადაიდო.
სხდომაზე, რომელიც 16 ივნისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა, გუმბარიძის გამოკითხვა კვლავ გაგრძელდება.
როგორც ფორმულას გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ იგივე კითხვები დაუსვა, რასაც პროკურატურაში გამოკითხვისას უპასუხა, ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ იბარებენ სასამართლოში.
"დღევანდელი პროცესი და კითხვები არ განსხვავდებოდა იმ კითხვებისგან, რაც მე უკვე დამისვეს პროკურატურაში ყოფნის დროს. უბრალოდ, სამწუხაროდ, საკმაოდ დიდ ხანს გაიწელა ეს პროცესი და კიდევ ერთხელ მიწევს სასამართლოში მოსვლა, რაც ბუნებრივია ჩემთვის, როგორც მედია მენეჯერისთვის არის პრობლემა, ამაში დრო იხარჯება. იმის ნაცვლად, რომ სტანდარტული საქმიანობით ვიყოთ დაკავებულები, გვიწევს სასამართლოში სირბილი.
როგორც მაშინ, ახლაც საქმეზე პასუხები გაიცა ის, რომ არანაირი კრიმინალი, არანაირი გადაცდომა ინტერმედიის მხრიდან საქმეში არ არსებობს და მართლა ობიექტურად გაუგებარია ჩემთვის, თუ რატომ მოხდა ჩემი დღეს დაბარება და კიდევ უფრო გაუგებარია, რატომ ხდება კიდევ ერთხელ დაბარება სასამართლოზე", - თქვა ზუკა გუმბარიძემ.
პროკურატურამ რუსთავი 2-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე, რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და ინტერმედია პლუსის დირექტორის ზურაბ იაშვილს წაუყენა. გვარამიას ბრალად რუსთავი 2-ის ქონების გაფლანგვა ედება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
ზუკა გუმბარიძე ამ საქმეზე 2019 წლის 2 ოქტომბერს გამოიკითხა.