logo
ENG



IDFI: 2020 წელს, 44 საჯარო უწყებაში პრემიის და დანამატის სახით 21,5 მლნ ლარი გაიცა

28 მაი 202121:15
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/28/3946nmn5851b0vg.png

ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტი სსიპ-ებსა და დამოუკიდებელ უწყებებში 2020 წელს გაცემული პრემიების და სახელფასო დანამატების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, 2020 წელს, 44 საჯარო დაწესებულებაში პრემიის და სახელფასო დანამატის სახით 21,5 მილიონი ლარი გაიცა.

IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა, 5,5 მილიონი ლარი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ყველაზე მეტი სახელფასო დანამატი, 3,5 მილიონი ლარი კი,  საქართველოს პროკურატურამ გასცეს.

  • 2020 წელს, ყველაზე მეტი თანხა საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს (პრემიის) სახით გასცეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5,5 მილიონი ლარი) და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა  კომისიამ (3 მილიონი); ხოლო სახელფასო დანამატის სახით  - საქართველოს პროკურატურამ  (3,5 მილიონი ლარი) და  სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა - (2,3 მილიონი ლარი)
  • ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ და 4-მა წევრმა 2020 წელს პრემიის სახით მიიღო სულ 218,176 ლარი.   კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის 3-მა წევრმა 2020 წელს ჯამში 128 208 ლარი, ხოლო ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯამში 94 760 ლარი;
  • საქართველოს პროკურატურაში, თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატის სახით გაიცა  - 731 60 ლარი , ხოლო  სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში - 228 440 ლარი
  • 2020 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თანამდებობის პირებზე ფულადი ჯილდო ან დანამატი აღარ გაუცია.  მაშინ როდესაც, 2019 წლის ივლისის თვეში გენერალური აუდიტორის მოადგილეებზე ფულადი ჯილდოს სახით გაიცა თანამდებობრივი სარგოს ოთხმაგი ოდენობა, ხოლო დეკემბრის თვეში ხუთმაგი ოდენობა.
  • პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული უწყებების თანამშრომლებს, IDFI-ს შეფასებით, არ ეძლევათ  მათ მიერ გაწეული ზეგანაკვეთური შრომის ადეკვატური ანაზღაურება. მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული  ცენტრის თანამშრომლებზე, 2020 წელს ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატის სახით გაცემულია მხოლოდ წლიური სარგოს 6%. 
  • კვლევის ობიექტი 100 საჯარო დაწესებულებიდან, კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდება მხოლოდ 77-მა უწყებამ უზრუნველყო.

IDFI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:

- საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს მის გავრცელებას ყველა საჯარო დაწესებულებაზე;

- პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულ უწყებებს მიეცეთ სახელფასო ფონდის ზრდის შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელთა ზეგანაკვეთური სამუშაოს ადეკვატურ ანაზღაურებას;  

- საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ, გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა;

- სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უზრუნველყოს საჯარო დაწესებულებებში არსებული სახელფასო პოლიტიკის ეფექტიანი მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციით საზოგადოების თანმიმდევრული ინფორმირება.


close დახურვა