რესპუბლიკური პარტიის წევრმა, თამარ კორძაიამ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.
როგორც ხელმოწერის შემდეგ კორძაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, ის ითანამშრომლებს ბლოკთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია, თუმცა პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იქნება.
მისივე თქმით, ახლა ოპოზიციის მხრიდან ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელება მნიშვნელოვანია.
"რესპუბლიკური პარტიის სახით შევდივარ პარლამენტში, ბლოკთან ერთად თანამშრომლობით და ასევე, ვფიქრობ, რომ ვიქნები დამოუკიდებელი დეპუტატი. მოლაპარაკებები პარლამენტშიც გაგრძელდება ყველა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის გზავნილი, რაც გაჟღერდა გუშინ გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან, რომ ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს ერთობლივი თანამშრომლობა იმისათვის, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს უზრუნველყოფილი უფლება დემოკრატიაზე ამ ქვეყანაში", - ამბობს კორძაია.
თამარ კორძაიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დეპუტატის მანდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას ბლოკით მოიპოვა.
გუშინ, 30 მაისს ცნობილი გახდა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერს.
პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, დოკუმენტში არსებული ერთი პუნქტი მათთვის კატეგორიულად მიუღებელია - საუბარია 20 ივნისის საქმეების ამნისტიაზე.
ვინ იქნება პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის სიიდან წარმოდგენილი, წაიკითხეთ აქ.