logo
ENG



"ამ საქმეში არანაირი შეკითხვა არ რჩება" - პროცესზე სანაიას გამოკითხვა დასრულდა

31 მაი 202115:40
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიას გამოკითხვა დასრულდა.

როგორც პროცესის შემდეგ სანაიამ განაცხადა, მოსამართლეს მასზე თავდასხმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ყველა კითხვას დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცა. სანაიას თქმით, ამ საქმეში არანაირი შეკითხვა აღარ რჩება.

"ნებისმიერ შეკითხვაზე მზად ვარ პროცესზე და პროცესის მიღმაც დამატებით რამდენი შეკითხვაც არ უნდა იყოს, პასუხი გავცე. ეს გავაკეთე დღეს და მგონი, დამაკმაყოფილებელი პასუხები გავეცი- რა ქმედებები ჩაიდინეს ბრალდებულებმა, რას ამბობდნენ, როგორ დაიწყო ეს თავდასხმა, როგორ გაგრძელდა, დაზიანებების შესახებ, ყველა დეტალზე საქმის კურსში ჩავაყენე მოსამართლე.

უამრავი შეკითხვა დასვეს, არსებითიც, არაარსებითიც, ინტერპრეტირებული და არაინტერპრეტირებული. ყველაფერზე პასუხია გაცემული, არანაირი შეკითხვა ამ საქმეში არ რჩება", - ამბობს სანაია.

მისივე თქმით, ჟურნალისტები ხშირად ხდებიან თავდასხმის ობიექტები და მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგი დადგეს.

"ჟურნალისტები მუდმივად არიან თავდასხმის ობიექტები, როგორც ამ შემთხვევამდე, ამის შემდეგადაც არაერთი შემთხვევა ყოფილა და პასუხს არავინ აგებს ხოლმე. ჩემთვის პირადად და მედიისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგი დადგეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე და ჩემს ოჯახზე იყო ეს თავდასხმა, მე პირადი შურისძიება არ მამოძრავებს, მაგრამ სამართლებრივი შედეგი უნდა დადგეს",- ამბობს სანაია.

ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს.

შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი - ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი დააკავა. მათ ბრალად პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა ედებათ. სამივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

წინა პროცესზე, რომელიც 19 მაისს გაიმართა, ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ვახო სანაიას ერთ-ერთი ბრალდებული, ვაჟა გიგაური "წიხლებით შედგა".

ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ 2 მოწმის მიერ მიცემული ჩვენება ემთხვევა ვახო სანაიას მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას.


close დახურვა