logo
ENG



ლომჯარია: ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის მუხლებით არაერთი საქმეა აღძრული

02 ივნ 202110:10
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, გამოძიებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბენეფიციარებმა, რომლებმაც პანსიონი დატოვეს, სამართალდამცველებს მიმართეს.

"ბოლო წლების განმავლობაში არის არაერთი გამოძიება დაწყებული ძალადობის მუხლების საფუძველზე, ეს არის საკმაოდ მძიმე მუხლები ამ პანსიონის ბენეფიციარების მიმართ [სავარაუდო ძალადობაზე]. ასევე, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს გამოძიებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ბენეფიციარებმა დატოვეს დაწესებულება და შემდგომ მიმართეს უკვე სამართალდამცველებს. ეს კიდევ არის დასტური იმისა, რომ იქ ყოფნის პერიოდში ბავშვებს არ აქვთ არანაირი საშუალება, რომ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე შეატყობინონ შესაბამის უწყებებს, ვინაიდან არიან სრულიად იზოლირებულები", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. ეს გადაწყვეტილება სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო და ომბუდსმენს შეურაცხყოფაც მიაყენა

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა. 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს, მათგან ყველაზე უმცროსი - 5 წლის.

ომბუდსმენმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები იყვნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში, თუმცა იქ პანსიონიდან არცერთი ბავშვი არ გამოცხადებულა, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებულებას ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ. 

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. 

თუმცა, სახელმწიფოს ეს მოვალეობა არ შეუსრულებია. 

„სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება", - ნათქვამია გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია PHR-სთვის მიწერილ შეტყობინებაში.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აცხადებს, რომ გაერო მსგავს ბერკეტს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იყენებს. 

 

close დახურვა