logo
ENG



პროკურატურასთან აქციაზე კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

03 ივნ 202119:58
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/03/12kugmru9iyojfx.jpg

პროკურატურასთან, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

აქციის მონაწილეები უწყებაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ცოტა ხნის წინ აქციაზე სირცხვილიას აქტივისტი გიგა მაქარაშვილიც დააკავეს.

საგამოძიებო უწყებასთან პოლიტიკოსები და სამოქალქო აქტივისტები არიან შეკრებილი. მათ ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერებით: "გააღეთ პანსიონის კარი", "დასაჯეთ მოძალადეები", "დავასრულოთ ბავშვების ტყვეობა", ანაფორა არ გათავისუფლების პასუხისმგებლობისგან" და სხვა. 

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლითაც.

გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.


close დახურვა